თბილისში ტოკუგავასა და სხვა იაპონელი ოსტატების კულტურულ ღონისძიებათა ციკლი გაიმართება

23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, იაპონიის საელჩო საქართველოში, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი მასპინძლობს ტოკუგავასა და სხვა ოსტატების კულტურულ ღონისძიებათა ციკლს.
როგორც „კვირას“ მუზეუმიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში გაიმართება ღონისძიებათა ციკლი:

✦23 ოქტომბერი, 14:00 საათი, ტოკუგავა ნარიმასას საჯარო ლექცია (საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია; მის: ფურცელაძის #1);
✦23 ოქტომბერი, 16:00 საათი, საკაიდა კაკიემონის საჯარო ლექცია (ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, მის: შ. დადიანის #28);
✦23 ოქტომბერი, 17:00 საათი, საკაიდა კაკიემონის გამოფენის გახსნა, ჩაის ცერემონია (ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, მის: შ. დადიანის #28);
✦24 ოქტომბერი, 12:00 საათი, ჩაის ცერემონია – ნაოკო მაცუდაირა, კალიგრაფიის ჩვენება – ლუკას აკემი (საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი);
✦24 ოქტომბერი, 14:00 საათი, ტოკუგავა ნარიმასას ლექცია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზირი #1);
✦24 ოქტომბერი, 14:00 საათი, შეხვედრა საკაიდა კაკიემონთან, ჩაის ცერემონია (ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი, მის: შ. დადიანის #28);
✦25 ოქტომბერი, 16:00 საათი, კალიგრაფიის ჩვენება (შოდო)
ლუკას აკემი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, მის: ალექსიძის # 1/3)

ტოკუგავას შოგუნატობის, ანუ ე.წ. “ედოს ერა” (ედო – ტოკიოს ძველი სახელწოდება) 265 წელს გაგრძელდა მეიჯის რევოლუციამდე, როდესაც 1868 წელს გაუქმდა შოგუნატის ფეოდალური წყობილება. ამ დროს იაპონიაზე ძლიერი ზეგავლენა მოახდინეს მეზობელი ჩინეთისა და კორეის კულტურებმა, რომელთა შეთვისების შედეგადაც ჩამოყალიბდა თავსებადი და განუმეორებელი კულტურა, რომელიც იმპერატორებზე და შოგუნებზე იყო კონცენტრირებული. ამ მშვიდობიან პერიოდში უცხო ქვეყნებისგან „იზოლაციის პოლიტიკის” წყალობით, იაპონია დამოუკიდებლად ვითარდებოდა იმპერატორთა და ტოკუგავას შოგუნატის მმართველობის ქვეშ.
აღნიშნულ პერიოდში იაპონიამ განიცადა მნიშვნელოვანი ეკონომიკური აღმავლობა, რამაც, თავის მხრივ, კულტურის განვითარებას შეუწყო ხელი. მაგალითისათვის, კაკიემონის ფაიფურის ხელოვნებას სწორედ ამ ეპოქაში, XVII საუკუნის დასაწყისში უყრის საფუძველს სრულიად გამორჩეული ოსტატი საკაიდა კაკიემონი. იგი დიდ ზეგავლენას ახდენს ევროპულ ფაიფურის ოსტატებზე და მათი პროდუქციის მომხმარებლებზე. ტოკუგავას ეპოქაში ძალზე საინტერესო განვითარება ჰპოვა ურბანულმა კულტურამ, რომელიც ძირეულად განსხვავდებოდა გაბატონებული სამურაების კულტურული დოქტრინებისგან, კონფუცის თეორიაზე რომ იყო დაფუძნებული. ქალაქური კულტურის ნაწილია უკიო-ე, კაბუკის თეატრი და ჰაიკუ, რომელიც ასევე ტოკუგავას ეპოქაში წარმოიქმნა და აყვავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები