მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ მრავალძალში XI საუკუნის (გადაკეთებული 1894 წ.) მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 19 სექტემბრის ბრძანებით მიიღო.
მრავალძალის ეკლესიას ვახუშტი ბატონიშვილი ასე ახასიათებს: ,,… ბარის წყალს ზეით არს მთაში მრავალძალს ეკლესია წმიდის გიორგისა და ჯუარი დიდი ოქროსი, სასწაულთმოქმედი. ამას შესწირა ა˜ შააბაზ ხრმალი ოქროთ მოოჭვილი, აწცა ძეს მუნ, არათუ სარწმუნოებბით, არამედ სცნან, რამეთუ ხრმალი მისი ჰკიდავს მუნ.“.
ამ ეკლესიის შესახებ მცირეოდენ ცნობებს ვხვდებით ასევე გერმანელი მეცნიერის გიულდენშტედტის ნაშრომში. ,,მრავალძალში არის ქვის პატარა ეკლესია მიძღვნილი წმინდა გიორგისადმი, რომელმაც სოფელი უნდა დაიცვას მტრის ყველა შემოსევისაგან. კედლებზე ხატია წმინდა მხედარი მრავალნაირი ფერებით შეღებილი და სპილენძზე და ვერცხლზე ამოტვიფრული. ეკლესიას აქვს ძვირფასი ქვებით მოჭედილი ხმალი, რამდენიმე ისარი, შუბი, ვერცხლის შანდალი და ორი, ვერცხლით მოვარაყებული, ხარის რქა ღვინის დასალევად. ყველაფერი ეს თურქი ან სპარსი მხედართმთავრისათვის უნდა ჰქონდეთ ჩამორთმეული. შესასვლელის თავზე, ქვაზე, ჯვარი არის გამოკვეთილი, რომლის ორივე მხარეს არის შემდეგი ასოები: წ˜ო გ˜ი მხ ეყ˜ვ სლსა იოვანესა“ 2 (წმიდაო გიორგი მეოხ ეყავ სულსა იოვანესა).
დიმიტრი ბაქრაძემ 1860 წელს ინახულა მრავალძალი და ეკლეიასთან დაკავშირებით დასძენს, რომ იგი არის თლილი ქვით ნაგები და აღმოსავლეთის და დასავლეთის მხრიდან ქვაზე კვეთილობით შემკული. ინტერიერში მას უნახავს ფრესკული მხატვრობა, მათ შორის, მეფე დიოკლეტიანესაგან წმინდა გიორგის წამება. ეკლესიის სახურავის ქვემოთ დასავლეთის მხარეს მიუთითებს ხბოს თავის გამოსახულებას, ხოლო, ჩრდილოეთით- ლომის თავისას. ინტერიერში აღწერს სადიაკვნეს და სამკვეთლოს გარეშე წარმოდგენილ ნახევარწრიულ აფსიდს ორი ცრუ თაღითურთ (ნიშით). მისი ცნობით, დარბაზი გადახურული ყოფილა სამ საბჯენ თაღზე გადავლებული კამარით და თითო ვიწრო სარკმელი დატანებული ჰქონია აღმოსავლეთის, სამხრეთისა და დასავლეთის კედლებში.
ექვთიმე თაყაიშვილმა მრავალძალის ეკლესია 1920 წელს აღწერა. მისი დახასიათებით ,,მრავალძალის ძველი ეკლესია ყოფილა პატარა, თლილი ქვით ნაშენი და ბარელიეფებითა და ჩუქურთმებით შემკული“.
ავტორი მიუთითებს, რომ ძველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დაუტოვებიათ ხელუხლებლად და ახალი ეკლესია, რომელიც 1894 წელს დაუმთავრებიათ ჯვრული გეგმისა და გუმბათიანი ყოფილა, რომლისთვისაც დასავლეთით სამრეკლო მიუშენებიათ. ასევე აღწერს ტაძარში დაცულ სიძველეებს- ხატებს, ჯვრებს, საბრძოლო აღჭურვილობას, ყანწებს, საეკლესიო წიგნებს და სხვა.

რამდენიმე წელში გიორგი ბოჭორიძემ ინახულა მრავალძალის ეკლესია და თითქმის თაყაიშვილის მსგავს აღწერილობას გვთავაზობს.
წარწერებთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ ვალერი სილოგავას განხილული აქვს თავის მონოგრაფიულ ნაშრომში მრავალძალის ლაპიდარული წარწერებიც და გარკვეულ სიახლეს გვთავაზობს. კერძოდ, თაყაიშვილისა და ბოჭორიძის მიერ დასახელებული სამი წარწერის გარდა, იგი კიდევ ერთ სამსტრიქონიან, ნუსხური წარწერის ფრაგმენტს მიუთითებს- ,,[წმიდაო გიორგი], შ(ეიწყალე)ე გ(ა)ბ(რიე)ლ მ(ი)რ(იანი)ს ძე და შვილნი მისნ[ი]“,- რომელიც განთავსებული ყოფილა დასავლეთით მიშენებული სამრეკლოს მეორე სართულის შესასვლელი კარის ზემოთ და იმავდროულად, ამ უკანასკნელსა და სამრეკლოს სამხრეთ სარკმლის ზედანზე რელიეფური ჯვრის გარშემო წარმოდგენილ წარწერას, ბოჭორიძისგან განსხვავებით, XII ს. ათარიღებს. დანარჩენ ორ წარწერას სილოგავაც XI ს. მიაკუთვნებს.
1991 წელს რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანდა მრავალი ძეგლი მათ შორის მრავალძალის ეკლესია სტიქიური უბედურებისგან გამოწვეული კულტურული მემკვიდრეობის ზიანის გასაშუქებლად გამოიცა წიგნი, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია მრავალძალის ეკლესიის X-XI სს. მიჯნის აღმოსავლეთის კედლის საფასადო შემკულობაზეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები