ვიქტორ ჯაფარიძე: რა სისულელეა, რა დადგმული ჩემს თავს ჩავუწერე ჩანაწერი?

„რა სისულელეა, რა დადგმული… ამ სისულელეზე როგორ გავაკეთო კომენტარი? ჩემს თავს ჩავუწერე მე ჩანაწერი?“, – განაცხადა დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ პროკურატურის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, სუბელიანს თავად მისი თხოვნით რამდენჯერმე შეხვდა.
„მე რამდენჯერმე დავაფიქსირე, რომ მირზა სუბელიანს რამდენჯერმე შევხვდი მისი თხოვნით. კიდევ რომ მთხოვოს, კიდევ შევხვდები. არა მარტო სუბელიანს, არამედ სხვა პატიმრებსაც შევხვდები თუ მთხოვენ“, – აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე განმარტებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია არ უნახავს.
„არ ვიცი რა არის მიჭრილ-მოჭრილი, მე არ მომისმენია. მირზა სუბელიანის საუბარი იყო არაადეკვატური ჩემთვის და არ ვაქცევდი ყურადღებას. უდიდესი წნეხის ქვეშ არის, ამხელა უბედურება დატრიალდა. ორი ახალგაზრდა კაცია გარდაცვლილი, მისი ოჯახი დაინგრა და აგონიაშია კაცი, სამარტოვო საკანშია. მე ერთხელ ვუთხარი ტყუილების ლაპარაკი არ დაიწყოთქო, არ გეკადრება მეთქი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მთავარი პროკურატურა სავარაუდოდ, მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის ამსახველ ახალ ჩანაწერი გაასაჯაროვა.
როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერი სავარაუდოდ, სუბელიანსა და ჯაფარიძეს შორის ზაფხულში გამართულ საუბარს ასახავს.
მათივე განმარტებით, ჯამში სამი ჩანაწერი პენიტენციური სამსახურის იმ თანამშრომლის მეხსიერების ბარათიდან ამოიღეს, რომელსაც, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროების მუქარით, სუბელიანის ფარული ჩანაწერების გავრცელებას სთხოვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები