თბილისობა ეროვნულ ბიბლიოთეკაში – ტრადიციული კვირეული გაიმართება
16-დან 23 ოქტომბრამდე ეროვნული ბიბლიოთეკა და ეროვნული არქივი თბილისქალაქობისადმი მიძღვნილ ტრადიციულ კვირეულს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კვირეულს – 16 ოქტომბერს, 18:00 საათზე – გახსნის გიორგი ვარსიმაშვილის თბილისის ინტერიერ-ექსტერიერებისა და ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის თბილისური პეიზაჟების ფოტოგამოფენა. სხვადასხვა თაობის ორი ფოტოხელოვანის მიერ დანახული თბილისი, ვიდეოინსტალაციები და წარმოდგენილ ექსპონატებთან დაკავშირებული ისტორიები ბევრ ნაცნობ ადგილს თავიდან აღმოაჩენინებს მნახველს.
თბილისური მელოდიები მუსიკალური ტრიოს „დები აბაშიძეებისა და მარი გოლეთიანის“ შესრულებით გაჟღერდება. კონცერტი 18:30 საათზე დაიწყება.
> თბილისობისადმი მიძღვნილი ტრადიციული პროექტის – „კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს“ ფარგლებში დაგეგმილია ორი საღამო: 18 ოქტომბერს – ფრიდონ საყვარელიძისადმი და 22 ოქტომბერს – ზურაბ და ეფიგენია (ითო) ჩიქოვანებისადმი მიძღვნილი. ეს არ იქნება ჩვეულებრივი გახსენების საღამოები – ის იქნება მათი ხელახლა აღმოჩენის და კიდევ ერთხელ მოსმენის შესაძლებლობის საღამო.
> ექიმი, პოლიტიკოსი, პუბლიცისტი ფრიდონ საყვარელიძე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და სამეცნიერო ნაშრომის ავტორი გახლავთ. მისი მრავალფეროვანი საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწეობიდან ძნელია პრიორიტეტულია გამორჩევა, თუმცა ქართული ენის განვითარებაში მის ღვაწლს ალბათ თაობები შეაფასებენ.
> ზურაბ და იფიგენია ჩიქოვანები შვილებთან ერთად რამდენიმე ათეული წელი ამშვენებდნენ ქართულ და არა მხოლოდ ქართულ სცენას. თუმცა ბევრისთვის უცნობია, რომ ბატონი ზურაბი არტთერაპიის დამფუძნებელი და განმავითარებელია, იგი წინ აღუდგა ფსიქიატრიის საბჭოთა იდეოლოგიის სამსახურში ჩართულობას.
> დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ახლახან გახსნილ დამოუკიდებლობის დარბაზში საქართველოს პრალმენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებსა და არქივებში დაცულ უნიკალურ მასალებზე გენერალური დირექტორი და გენერალური დირექტორის მოადგილე ისაუბრებენ:
> მწერალი გიორგი კეკელიძე – „დამოუკიდებლობა აღდგენილი თბილისის ქრონიკები“;
> ეთნოლოგი მირიან ხოსიტაშვილი -„ დამოუკიდებელი საქართველოს დედაქალაქი 1918-1921 წლებში“.