„ვითარება მეტად საგანგაშოა“ – საგზაო უსაფრთხოებაზე მომუშავე NGO-ები ავარიების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით პრემიერს მიმართავენ

საგზაო უსაფრთხოების სფეროში მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში გაზრდილი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.
ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ ეკა ლალიაშვილმა, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა, “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა ირაკლი იზორიამ და ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ ისაუბრეს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები საქართველოს პრემირმინისტრს, მამუკა ბახტაძეს განცხადებით მიმართავენ და მასთან შეხვედრას ითხოვენ.
„2018 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საქართველოში მოხდა 4 196 საგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც დაიღუპა 307 ადამიანი და დაშავდა 5 989 პირი.
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საქართველოში საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 7%-ით (292 შემთხვევით მეტი) დაშავებულობა კი 8%-ით გაიზარდა (443 პირით მეტი დაზიანდა).
მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით თბილისში საგზაო შემთხვევები 4 %-ით (70-ით მეტი შემთხვევა), დაშავებულობა 2 %-ით გაიზარდა (59 პირით მეტი დაშავდა)”- ნათქვამია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საქართველოში მომხდარი ავტოავარიების 47%, დაზიანებების 41% და დაღუპულობის 20% დედაქალაქზე მოდის.
„მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით წინა საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 13 მოზარდი (16 წლამდე) დაიღუპა და 646 დაზიანდა. დაღუპულ არასრულწლოვნებს შორის 10 მგზავრი იყო, 3 კი ქვეითი.
მოგახსენებთ, რომ ყოველწლიურად საქართველოში 550 – დან 600-მდე ადამიანი იღუპება და 10 000 – მდე ადამიანი იღებს ტრავმას ავტო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად. საქართველოში გზებზე დაღუპვა 3-ჯერ აღემატება ევროპის საშუალო ქვეყნის მონაცემებს, ხოლო 5-ჯერ საუკეთესოს.
ვითარება მეტად საგანგაშოა და მოითხოვს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების აქტიურ ჩართულობასა და საკითხის კონტროლის ქვეშ აყვანას.
ბატონო პრემიერმინისტრო, შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე, გთხოვთ დაგეგმოთ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა გაგიზიაროთ ჩვენი ხედვები და ერთობლივად ვებრძოლოთ არსებულ გამოწვევას”- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“, „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, „ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია“, „ჰაბ ჯორჯია“.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები