მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელები, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, პარლამენტის აპარატთან აქტიური კომუნიკაციის მიმართულებებს ეცნობიან

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი და აპარატის ადმინისტრაცია, აღმოსავლეთ საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელებთან, სამუშაო შეხვედრებს მართავენ. თბილისში მიმდინარე ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მიზანს პარლამენტის აპარატში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და იმ საკითხების გარკვევა წარმოადგენს, რომლებიც ბიუროს ხელმძღვანელების ყოველდღიურ საქმიანობას შეეხება.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს პარლამენტის აპარატის სახელით, მისი ხელმძღვანელი, გივი მიქანაძე მიესალმა, რომელმაც შეხვედრების აღნიშნული ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„შეხვედრის მიზანია გამოვკვეთოთ ის გამოწვევები, რომლებსაც მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროები ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში ეხებიან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვსაზღვროთ ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლის მიხედვითაც პარლამენტის აპარატი, ბიუროებს თავისი უფლებამოსილების კიდევ უფრო მაღალ ხარისხში განხორციელებისთვის, დაეხმარება. ყოველივე ეს კი, მოქალაქეებზე ორიენტირებულ ერთიან პროგრამას წარმოადგენს. ორი დღის განმავლობაში შესაძლებლობა გვექნება თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას და ასევე პარლამენტში მიმდინარე აქტივობებს დეტალურად გავეცნოთ. საირმეში, თქვენს კოლეგებთან, დასავლეთ საქართველოს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების ხელმძღვანელებთან გამართულმა შეხვედრებმა, კიდევ უფრო მეტად დაგვარწმუნა ამ შეხვედრების გამართვის აუცილებლობაზე, სადაც შესაძლებლობა მოგვეცა გამოგვეკვეთა ის საკითხები, რომლებზეც სამომავლოდ ერთობლივად ვიმუშავებთ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
სამუშაო შეხვედრის მნიშვნელობა შეაფასა თავის გამოსვლაში საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ლოტა თორტონიმ.
„პარლამენტის აპარატის უფროსთან აქტიური თანამშრომლობით, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებთან ურთიერთობების აღნიშნული ფორმატი პირველად შევქმენით. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ბიუროს ხელმძღვანელები გაივლით იმ ტრენინგებს, რომლის საჭიროებებიც გაგაჩნიათ. თქვენ მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებით, რადგან კარგად მესმის რამდენ სირთულეს და სპეციფიკურ მიდგომებს საჭიროებს მოქალაქეებთან ურთიერთობა, რომელთა თხოვნები, რიგ შემთხვევებში, სახურავების შეკეთებას და სამუშაო ადგილის გამონახვას შეეხება. თქვენი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა მათ მიაწოდოთ ინფორმაცია თუ რას წარმოადგენს პარლამენტი, საკითხების გადაწყვეტის პროცესში რა როლი აკისრია მას და ასე შემდეგ. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა არა მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარი დეპუტატის რეპუტაციაზე ზრუნვა, არამედ საკანონმდებლო ორგანოს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის გაძლიერება წარმოადგენს“, – აღნიშნა ლორა თორტონიმ.
მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროს ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები პარლამენტის აპარატის ინიციატივით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის და დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები