თამარ ხულორდავა საფრანგეთის სენატის წევრს, პიერ-ივ კოლომბას შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა საფრანგეთის სენატის წევრს, პიერ-ივ კოლომბას შეხვდა.
კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და თანამშრომლობისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
შეხვედრაზე ისაუბრეს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე და განიხილეს მიგრაციის ტენდენციები. კომიტეტის თავმჯდომარემ მიმოიხილა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად და ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას საქართველოსა და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მიერ განვითარებისთვის გადადგმული პროგრესული ნაბიჯები, აღნიშნეს რეგიონში არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარება და რუსეთის მიერ ქვეყნის ოკუპაცია. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა საფრანგეთის მთავრობის განცხადებას რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით, როგორც მტკიცე მხარდაჭერის გამოხატულებას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ საფრანგეთი მომავალშიც უნდა დაინტერესდეს რუსეთის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელებით.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას ევროპულ ქვეყნებში და ქვეყნის პოზიტიური კუთხით წარმოჩენას.
საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის გააქტიურებულ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ფრანგული კომპანიების მიერ საქართველოში ინვესტირების საკითხს და ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარებას.
კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნის გაცნობის საუკეთესო საშუალება მისი მონახულებაა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, ფრანგი ვიზიტორების ზრდაზე და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზე ამ ურთიერთობების წახალისებაში. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებაზე და საფრანგეთის სენატში არსებული საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის მეშვეობით დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები