„საქართველოს სინფონიეტა“ 10 წლისაა – ორკესტრს თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი უმასპინძლებს
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 10 წლისაა და საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად ერთგული მსმენელებისთვის კონცერტებს მართავს.
7 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნა. ამ კონცერტში, „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ მსოფლიოს აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის საუკეთესო სპეციალისტები: მარკ ჰანტაი (ფლეიტა), ი-ფენ ჩენ (ფლეიტა), პატრიკ ბოგირო (ჰობოი), ალესანდრო პიკე (ჰობოი), ჟოაკიმ გუერა (ფაგოტი), ჯოზეფ მარია მარტი (თეორბო), ბალაჟ მატე (ჩელო), თეონა გუბა-ჩხეიძე (ვიოლინო), დანიელ გარაი (დასარტყამი ინსტრუმენტები). ამ საღამოს მთავარი პერსონა კი იორდი სავალი (დირიჟორი) გახლდათ. კონცერტზე შესრულდა: მარენ მარეს, გეორგ ფილიპ ტელემანის, იოჰან სებასტიან ბახისა და ჟან ფილიპ რამოს მუსიკა.
11 ოქტომბერს კი ორკესტრს უმასპინძლებს „მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში“. ამ საღამოს, პირველ განყოფილებაში ნაჩვენები იქნება ნინო ახვლედიანის დოკუმენტური ფილმი „სინფონიეტა 10“. ინტერვიუები, დოკუმენტური კადრები არქივიდან და რაც მთავარია, კონცერტების ჩანაწერები მოგვითხრობენ ორკესტრის ათწლიან ისტორიას. მეორე განყოფილებაში კი, „საქართველოს სინფონიეტა“ ანტონიო ვივალდისა და ასტორ პიაცოლას მუსიკას შეასრულებს.
„სულ მალე, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ დაიწყება და ორკესტრი მრავალ საინტერესო კონცერტს გვპირდება. რიგით მეოთხე ფესტივალი 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ტრადიციულად შედგება სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლექციები. კონცერტები კი რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე 9, 16, 19, 22 და 25 ნოემბერს გაიმართება, ხოლო ფესტივალის დასკვნითი საღამოები: 1, 2 და 3 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში შედგება.
ფესტივალის პროგრამას და დეტალურ ინფორმაციას სულ მალე მოგახსენებთ და ვიდრე ბაროკოს ფესტივალი დაიწყება, 11 ოქტომბერს, 19:00 საათზე თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში გელით ყველას“, – განუცხადა „კვირას“ „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თეა მუქერიამ.
ფოტოების ავტორი – გია გოგატიშვილი