რომან კაკულია: მსოფლიო ბანკის დასკვნა რეალურია, რადგან ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არის

პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, მსოფლიო ბანკის დასკვნა, სადაც საუბარია, რომ კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, სინამდვილეს შეესაბამება და მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი აღქმა საზოგადოებასაც ჰქონდეს.
როგორც ჟურნალისტებს კაკულიამ განუცხადა, მსოფლიო ბანკის განმარტება ყოველთვის გარკვეულ კრიტერიუმებს ეფუძნება.
„რამდენიმე კრიტერიუმია და დასკვნას აქედან გამომდინარე აკეთებენ და არა – ზედაპირულად. ოპონენტების მოსაზრებას ვერ გავიზიარებ, რომ ქვეყანაში სისტემური კორუფცია არსებობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბანკის მსგავსი აღქმა საზოგადოებასაც ჰქონდეს.
სამწუხაროდ, საზოგადოების აღქმის ფორმაში სხვადასხვა ინფორმაცია ფიგურირებს, რომელიც დომინირებს და საზოგადოების აღქმას აყალიბებს. ხშირად, რეალობასა და აღქმას შორის შეიძლება აცდენა იყოს, თუმცა საზოგადოებას ვერ დავავალდებულებ, უნდა თუ არა, ყველა კომპეტენტური წყარო შეისწავლოს და თავისი პოზიცია შემდეგ ჩამოიყალიბოს.
მსოფლიო ბანკის დასკვნა მნიშვნელოვანია, სინამდვილეს შეესაბამება, რადგან ქვეყანაში სისტემური კორუფცია არ არის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კორუფციის შემთხვევები არ გვაქვს, რასაც ყურადღების მიქცევა სჭირდება და ხელისუფლების მხრიდან აქცენტის გაკეთება იმდენად უნდა, რომ ეს აღქმა საზოგადოებაშიც ჩამოყალიბდეს. ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა ამ დასკვნასთან ერთად”, – განაცხადა კაკულიამ.
მსოფლიო ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ მიხედვით,კორუფციის კონტროლითა და მმართველობის ეფექტიანობით საქართველომ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
კერძოდ, კორუფციის კონტროლის მხრივ 100%-იან შკალაზე საქართველოს ქულა 77,40%-ს გაუტოლდა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
საქართველო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიხედვით ლიდერ ქვეყნებს შორის მოხვდა და ამ მაჩვენებლით უსწრებს ევროკავშირის წევრ 13 სახელმწიფოს, როგორებიც არის მალტა, პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიეტუვა, ესპანეთი, სლოვაკეთი, იტალია, ხორვატია, უნგრეთი, რუმინეთი, საბერძნეთი და ბულგარეთი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები