ჭიათურის ყოფილი მერი თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს

პაატა ნადირაძე, რომელმაც ჭიათურის მერის თანამდებობა დატოვა სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
ნადირაძე განვლილი საქმიანობის შესახებ წერს და გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს.
“მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს ჭიათურელ ამომრჩეველს, გვერდით დგომისთვის, თანაგრძნობისათვის, ჩემს სოციალური ქსელის ყველა მეგობარს, სხვადასხვა ქალაქებიდან ჩემს პოლიტიკურ თუ ცხოვრებისეულ მეგობარს, გულშემატკივრობისათვის. მინდა ჩემი წინა წლების ისტორიიდან გაგახსენოთ: 2004 წელს, როდესაც ჩამოვედი ჭიათურაში და კენჭი ვიყარე საკრებულოს არჩევნებში, მაშინ ჭიათურელმა ამომრჩეველმა ყველაზე დიდი მხარდაჭერა გამოხატა და დიდი უპირატესობით გავიმარჯვე. რაზეც დიდ მადლობას ვუხდი მაშინდელი და დღევანდელი მხარდაჭერისათვის. ისტორია მეორდება… ყველამ კარგად იცით, შარშან საკმაოდ მაღალი თანამდებობა დავტოვე, ვიყავი გუბერნატორის პირველი მოადგილე, გადავწყვიტე ჩემს ქალაქს დავდგომოდი გვერდით და ჭიათურაში წამოვედი არჩევნებში მონაწილეობისათვის, სადაც ასევე ძალიან დიდი მხარდაჭერით ქვეყნის მასშტაბით სამეულში შევედი 65%- იანი გამარჯვებით, რაზეც ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ. მე შევძელი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად დამებრუნებინა ქალაქიდან წასული წარმატებული ახალგაზრდები, რომელთაც ჭიათურაზე გული შესტკივათ: აკაკი სამხარაძე, ნოდარ ჩაჩანიძე, მიშა ლეჟავა, ლიკა ფიფია, ადგილობრივები: გიკა მოდებაძე, დათო ბრეგვაძე, ზურაბ წიქარიშვილი. არაერთ წარმატებულ და განათლებულ ახალგაზრდას გაეკვალა გზა. კონკურსის წესით მოხვდნენ მერიაში სხვადასხვა პოზიციებზე, ისინი წლობით უშედეგოდ, გულგატეხილნი ცდილობდნენ თავიანთი ნიჭის გამოვლენას. ამ ახალგაზრდებს მაღალანაზღაურებადი და წარმატებული სამსახურები ჰქონდათ დედაქალაქში. ჩვენ დავტოვეთ ეს პოზიციები და ქალაქის საკეთილდღეოდ ძალიან ბევრი კარგი ნაბიჯი გადავდგით, მიუხედავად ბევრი წინააღმდეგობისა, გუნდი მუხლჩაუხრელად დღედაღამ ვემსახურეთ ქალაქს. გვქონდა წარმატებაც, წარუმატებლობაც, შეცდომებიც, ვაღიარებ, მაგრამ არცერთ ჩვენგანს არ უღალატია ქალაქისათვის, ღირსებისათვის და სახელმწიფოებრივი აზროვნებისათვის. ღალატის, დაპირისპირებების ფონზე იმ ხალხთან, რომლებიც პირიქით, გვერდით უნდა დაგვდგომოდნენ, რათა ერთად გამოვჩენილიყავით საქმის კეთებაში, ხელის შეშლის და დაპირისპირების გარდა არაფერი გაუკეთებიათ, ეს საზოგადოებამაც კარგად იცის. საკრებულოს (ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა) მაჟორიტარ დეპუტატს, რომელსაც ჭიათურის საკითხზე პარლამენტში ცეცხლი უნდა დაენთო, პოლიციის უფროსს და სხვადასხვა უწყებრივ სტრუქტურებს პირიქით რომ ემოქმედათ და დაპირისპირების მაგივრად, გვერდით დგომა გამოეხატათ ჩვენთვის და მარტო პროვოკაციების მოწყობით არ ყოფილიყვნენ დაკავებულნი, ბევრად მეტი წარმატება გვექნებოდა და ბევრად მეტი კეთილი საქმე გაკეთდებოდა ამ ქალაქში. ბევრად რეფორმატორული და ძლიერი ნაბიჯები გადაიდგმეოდა ქალაქში არსებული ეკოლოგიური კატასტროფის შესაჩერებლად, რაშიც ჩვენს გუნდს ცარიელი ხელებით ბრძოლა გვიხდებოდა. მიუხედავად ყოველდღიური წინააღმდეგობისა, დასახელებული ადამიანებიდან, მიუხედავად იმისა რომ მოსვლისას არცერთი პროექტი არ დაგვხვდა, ცარიელი, დავალიანებით სავსე ბიუჯეტი შეგვრჩა ხელთ, ჩვენ შევძელით არაერთი პროექტი წამოგვეწყო, ნაწილს საფუძველი ჩაეყარა და წლის ბოლოსთვის ნახავთ შედეგებს, ვინც არ უნდა გააგრძელოს საქმიანობა ჩემს შემდეგ. მეც მინდოდა ერთ დღეში დამეწყო ყველა პროექტის განხორციელება, მაგრამ ამას ყველაფერს თავისი პროცედურები აქვს გასავლელი. თუმცა, კიდევ ვიმეორებ, წლის ბოლოს შედეგებით ნახავთ ჩვენს დაწყებულ საქმეებს დასრულებულს. ამ ყველაფერს, კიდეც რომ ვინმეს მოუნდეს ხელის შეშლა ვეღარ შეუშლის. რამდენიმე თვის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, ბჭობა ჩვენს გუნდში თანამდებობებიდან წასვლაზე. გარე დაპირისპირებების გამო გუნდი ხვდებოდა, რომ ამ ფონზე საქმის კეთება გაგვიჭირდებოდა. ხან მე მაჩერებდნენ, ხან მე ვაჩერებდი მათ. ვცდილობდი, ვპირდებოდი რომ დალაგდებოდა ურთიერთობები, თუმცა უშედეგოდ. დღითიდღე იძაბებოდა განწყობები ჩვენი გუნდის მიმართ, რასაც ბევრი ზემდგომი სტრუქტურებიც ხელს უწყობდა, მე არაერთხელ ვეცადე დამერეგულირებინა საკრებულოს ბომონდთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, პოლიციის უფროსთან, სხვადასხვა ძალისმიერ სტრუქტურებთან ურთიერთობები მაგრამ ამაოდ. ეს არჩევნებიდანვე იგრძნობოდა მათგან, თითქოს ერთმანეთისთვის პირობა ჰქონდათ მიცემული, შეთქმულება იყო, თუ რა ხდებოდა ჩემს წინააღმდეგ, დღემდე ვერ ვხვდები (კიდევ ვიმეორებ საკრებულოში ყველას არ ეხება ეს, იქ ბევრი ღირსეული ადამიანია) ამასთან დაკავშირებით მომავალში ვისაუბრებთ.
ყოველივე ზემოაღნიშნული, საქმის კეთებაში ხელს გვიშლიდა, გადავედით რა, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმაზე დავიწყეთ ქალაქის კეთილდღეობაზე მეტი ზრუნვა, მით მეტ დაპირისპირებებში შევდიოდით. დღემდე ვერ ვხვდები და მიჭირს ანალიზი გავაკეთო: რა ხდებოდა, რა იყო ხიდების ჩატეხვის მიზეზი, ზემოთ დასახელებულ ადამიანებთან და სტრუქტურებთან, ალბათ ჩვენი დამოუკიდებელი, მკვეთრი, გამოსაჩენი ნაბიჯები, ის რომ ძილის და ჭამის დროს სტრუქტურებს არ ვუთანხმებდი, ალბათ, რაც ირგვლივ ხდება და ხდებოდა ჩემამდე, სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ გადასახედიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შევძელით. მე არასოდეს სკამის მაძიებელი, თანამდებობაზე გადარეული კაბინეტზე და მანქანაზე შეყვარებული არ ვყოფილვარ. ჩვენისთანა ხალხი ქუჩაში არასოდეს რჩება. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ამომრჩეველს, ჩემს გულშემატკივრებს. არ მინდა ღალატში ჩამეთვალოს, გამგები გამიგებს, ამ ფონზე, ამ რეალობაში, მე მიზანშეუწონლად მიმაჩნია, დავრჩე თანამდებობაზე, რადგან ჩასაფრებების, ღალატის , პროვოკაციის არც გაძლება შემიძლია და არც გადატანა, არც ასეთ პირობებში მიმუშავია ოდესმე, რაც აქ ხდება. იქნებ ჩვენი წასვლის შემდეგ მაინც შეძლონ გაერთიანება, რათა არ დაზარალდეს არც ქალაქის და არც ხელისუფლების იმიჯი, არ მინდა სხვების და მტრულად განწყობილი ადამიანების და პარტიების გასათელი გახდეს ჩემისთანა ხალხის ნაბრძოლები, ამდენი წლის განმავლობაში. ვაზროვნებ და ვაანალიზებ, ამ შემთხვევაში სახელმწიფოებრივად, სამშობლოს და ჭიათურის სიყვარულიდან გამომდინარე და ვუფრთხილდები იმ 2012 წლის თავისუფლების მონაპოვარს. ამიტომ, მე მივდივარ თანამდებობიდან, მაგრამ გპირდებით ჭიათურლებს! არასოდეს გული არ გამიტყდება ამ ქალაქზე და თუ სადმე შევძლებ, ხვალ თუ ზეგ, სადაც და რა პოზიციაზე ვიქნები, ყოველთვის ჩემი მხარდაჭერა გექნებათ, რაშიც შემეძლება გვერდით დაგიდგებით. ჭიათურლებმა მე ორჯერ, მაღალი პროცენტით, გამამარჯვებინეს – ეს არასოდეს დამავიწყდება. ბოდიშს გიხდით, პირველ რიგში, საზოგადოებას და ყველა წყენას ვივიწყებ ყველასგან. არ მინდა ჩემზეც ნაწყენი დარჩეს ვინმე, რაც იყო იყო, ცხოვრება თითოეული ჩვენგანისთვის ისედაც ხანმოკლეა.

დროებით! დრო ყველაფრის მკურნალია, დრო და საზოგადოება სცემს ყველას პასუხს, რაც მალე მოხდება. ბევრი აღმასვლა, დაღმასვლა, გაჭირვება, დალხინება მაქვს გადატანილი და ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა იმ ბიჭებს, რომლებიც თბილისიდან ჭიათურას დავუბრუნე, თუმცა დღეს მიუხედავად ჩემი თხოვნისა, რომ დარჩნენ თანამდებობებზე, ჩემსავით თბილისს უბრუნდებიან კაკოს, ნოდარს, დავითს, მიშას,კახას გვერდით დგომისთვის. მადლობა მათაც, ვინც რჩებით. წარმატებებს და წინსვლას გისურვებთ. ჩვენ არ დავმარცხებულვართ. შეხვედრამდე! გ ვ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ !!!!!!”, -წერს პაატა ნადირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები