“უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო ამერიკის საიმედო მოკავშირეა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ამას აფასებენ”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე საქართველოზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშს გამოეხმაურა, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული.
როგორც მან განაცხადა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო ამერიკის საიმედო მოკავშირეა.
„რაც შეეხება საქართველოს უსაფრთხოების სამსახურზე სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებას, მაშინ, როცა კანონმდებლობას ვცვლიდით, ვამბობდით, რომ საქართველო რეგიონში ამერიკის საიმედო მოკავშირეა უსაფრთხოების თვალსაზრისით, როცა საქმე ტერორისტულ საფრთხეებსა და უსაფრთხოებას ეხება. ამ განცხადებაში ესაა ასახული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი პარტნიორები ამას სათანადოდ აფასებენ“, – ამბობს თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მიერ ტერორიზმთან ბრძოლისთვის გადადგმული ნაბიჯებია შეფასებული, ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობას ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და საპასუხო რეაგირება შეუძლია. დოკუმენტის ავტორთა თქმით, სუს-ის სამსახურს ტერორისტულ საფრთხეებთან გამკლავებაში მოწინავე პოზიცია აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები