კახა კალაძე კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო (ფოტოკოლაჟი)

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ისნის რაიონში, ლეხ კაჩინსკის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
კაჩინსკის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალარინების ქსელის, სანიაღვრე სისტემის, ასფალტისა და ბორდიურის განახლებას ითვალისწინებს.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა, აღნიშნულ ქუჩას საფუძვლიანი რეაბილიტაცია უტარდება, რომელიც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
„კაჩინსკის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება. ეს არის ცენტრალური ქუჩა, რომლითაც თბილისში ჩამოსული სტუმარი ქალაქის ცენტრში ხვდება. ამჟამად, აღნიშნულ ტერიტორიაზე სრულფასოვანი სამუშაოები – წყალარინების ქსელისა და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სამუშაოები, როგორც ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. ასევე, მუშაობს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, რათა თავისი ქსელები მოაწესრიგოს. მადლობა მათ თანამშრომლობისთვის, რადგან ჩვენთან ერთად, საკმაოდ ბევრ პროექტს ახორციელებენ. რეაბილიტაციის დროს, ადგილობრივ მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი ექნება, რადგან სამუშაოები აქაც 24-საათიან რეჟიმში ჩატარდება. ამისთვის მათ კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო, თუმცა პროექტს ძალიან მალე – ოქტომბრის ბოლოსთვის დავასრულებთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, დღემდე, გზის აღნიშნული მონაკვეთის შეკეთება უხარისხოდ ხდებოდა.
„ასფალტი, რომელიც რეაბილიტაციის ფარგლებში აიღეს, 70-80 სანტიმეტრის სისქისაა. ეს იმას ნიშნავს, რომ გზის შეკეთება არასწორად, არასაფუძვლიანად ხდებოდა, თუმცა აღნიშნული პროექტის განხორციელებით, ამ ქუჩაზე ყველაფერი მოწესრიგდება – შეიცვლება გარე განათების ბოძები, ნათურები, მოეწყობა ბორდიური, ტროტუარი და ა.შ. ვფიქრობ, საკმაოდ ლამაზი ქუჩა გამოვა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საგზაო სამუშაოებს მერთან ერთად, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ილია ჯიშკარიანი გაეცნენ.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები