“ომეგა ჯგუფი” ფინანსთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს

“ომეგა ჯგუფი” ფინანსთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს. “კვირა” განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“ომეგა ჯგუფისთვის” ფინანსური პრობელემები განზრახ ხელოვნურად არის შექმნილი ხელისუფლების მიერ.
“ომეგა ჯგუფის” საგადასახადო დავალიანება წარმოადგენს დეკლარირებულ საგადასახადო დავალიანებას, რომელიც ხელისუფლების, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს მიერ შექმნილი დაბრკოლებებით არის გამოწვეული.
ხელისუფლება “ომეგას” არ აძლევს ფუნქციონირების საშუალებას. ხელისუფლებამ “ომეგა ჯგუფის” მუშაობა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, 3-ჯერ შეაჩერა, ხოლო ბოლო ორი თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, მისი მუშაობის პარალიზებას ახდენს.
ფინანსთა სამინისტროს მითითება იმის შესახებ, რომ ჩვენ ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც 50 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს, გაკვირვებას იწვევს, მაშინ, როდესაც თავად ქმნიან ამ დავალიანების შექმნის პირობას, ფაბრიკის მიზანმიმართული უსაფუძვლო და უკანონო არაერთგიზისი გაჩერებით. დავალიანებასთან ერთად, ეს არის კომპანია, რომელსაც მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტი აქვს ბიუჯეტში შეტანილი და ეს თანხა გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა ადგილობრივი ბიზნესის და “ომეგა ჯგუფის” წინააღმდეგ თავად ფინანსთა სამინისტროს და ხელისუფლების მიერ მიმართული დესტრუქციული ქმედებები.
ფინანსთა სამინისტრო უმალავს საზოგადოებას იმ ფაქტს, რომ კანონით გათვალისწინებული რესტრუქტურიზაცია “ომეგა ჯგუფმა” წლიწად-ნახევრის წინ მოითხოვა, რისი (სხდომის) ჩატარების ვალდებულება კანონით, 2 თვეა, მაგრამ დღემდე არ ტარდება. აღნიშნული საკითხი სასამართლოშიც არის გასაჩივრებული, მაგრამ არც სასამართლოში იმართება სხდომები.
კანონით გათვალისწინებული ვალდებულების – რესტრუქტურიზაციის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში, ნორმალურია ის, რომ “ომეგამ” რამდენჯერმე მოითხოვა ხელისუფლების მიერვე შექმნილი უკანონო ქმედებით მიყენებული ზარალის გამო, საგადასახადო იძულებითი ღონისძიების გაუქმება, მაგრამ არ არის ნორმალური ის, რომ ომეგას ფინანსთა სამინისტრო არ აძლევს აქციზურ მარკებს, პროდუქციის გამოშვების და ბიუჯეტში შენატანების განსახორციელებლად.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, ხელისუფლება არ აძლევს მუშაობის შესაძლებლობას “ომეგა ჯგუფს”, ხელოვნურად აჩერებს, რათა ამ უკანასკნელმა არ გამოუშვას პროდუქცია, არ მიიღოს შემოსავალი, რის გამოც ვერ ხორციელდება თანხების აკუმულირება. ასეთი გაჩერებით, “ომეგა” კარგავს საკუთარ შემოსავლებს, ვინაიდან კარგავს 8%-იან წილს ბაზარზე, რის დაბრუნებასაც 6 თვეს ანდომებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბუნებრივი წილი ბაზარზე 19%-ია.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: “ომეგა ჯგუფის” წინააღმდეგ მიმდინარეობს სახელისუფლო ტერორი, რომელიც მიზნად ისახავს “ომეგა ჯგუფის” სრულ პარალიზებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები