რა ვადაშია შესაძლებელი ორგანიზმში მარიხუანას აღმოჩენა და რას გულისხმობს დეკრიმინალიზაცია – ნარკოლოგის განმარტებები

ნარკოლოგ ზურაბ სიხარულიძის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცევა, დროულია.
როგორც სიხარულიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს ჩვეულებრივი პროცესია, რომელიც ლეგალიზაციას ახლავს თან. „საკმაოდ სერიოზული ვნებათაღელვა გამოიწვია იმან, რაც მოხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, საზოგადოება კარგად ვერ აღიქვამს, რა გადაწყვეტილება მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ და მისი ინტერპრეტაცია არასწორად ხდება.
საქართველოში არ მომხდარა მარიხუანას საბოლოოდ ლეგალიზაცია, მოხდა მხოლოდ მოხმარების დეკრიმინალიზაცია და ეს გადაწყვეტილება სწორი იყო“, – განაცხადა სიხარულიძემ.
მისივე თქმით, უნდა განვიხილოთ მოიტანა, თუ არა ზიანი საკონსტიუტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ. „პირველი ზიანი არის ის, გაიზარდა, თუ არა მოხმარება; ეს უნდა გავიგოთ იმით, მოხდა, თუ არა ადამიანების მიმართვიანობის გაზრდა სამედიცინო დაწესებულებებში, გაიზარდა თუ არა კრიმინალი, რომელიც გამოწვეულია მარიხუანას მოხმარებით, მესამე არის ზედოზირება, ან სხვა ზიანი. დღეს სახეზე არცერთი არაა. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ გადაწყვეტილებამ არაფერი განსაკუთრებული ქვეყანაში არ მოახდინა“, – განაცხადა სიხარულიძემ.
მისივე თქმით, რეგულაციებთან დაკავშირებით შსს-ს გადაწყვეტილება სწორია, თუმცა, რამდენიმე საკითხს არ ეთანხმება. „პირველი ნაწილი, რაც ეხება ახალგაზრდებს, გავრცელებას, აბსოლუტურად მართალია. არ ვეთანხმები გარკვეული პროფესიების შეზღუდვას და უფლებების ჩამორთმევას, რაც ძალიან არადემოკრატიულად მიმაჩნია ჩვენს სახელმწიფოში. მეორე – ეს არის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მარიხუანას მოხმარების შედეგად მართვის მოწმობასთან დაკავშირებით. ეს არის საკმაოდ რთული პროცედურა, მარიხუანას კვალის აღმოჩენა შარდში, შესაძლებელია, 1 დღიდან 1 თვემდე. შესაბამისად ადამიანს, რომელიც მართავს მანქანას, შესაძლებელია, სხვა ნივთიერება ჰქონდეს მიღებული, რომლის დიაგნოსტირება ვერ ხდება, ეს შეიძლება იყოს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, სააფთიაქო ნარკოტიკი, ამასთან, შესაძლებელია შარდში აღმოჩენილი იყოს მარიხუანა და ეს ყველაფერი დაბრალდეს მარიხუანას. შესაბამისად ეს სირთულეს წარმოადგენს. უნდა დადგინდეს, იმ წუთას აქვს, თუ არა მოხმარებული მარიხუანა ადამიანს, რაც საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ დღეს ეს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ ექიმ-ნარკოლოგს შარდის ანალიზის მიხედვით. მე დღეს არ მინახავს საჯარო მოხელე, რომელიც სამსახურში მარიხუანას აბოლებს, ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი, შაბათ-კვირას ის სახლში რას იზამს და მერე მას, ანალიზს რომ გაუკეთებენ, შარდში აღმოუჩენენ ერთი თვის მანძილზე და პროფესიას წაართმევენ იმიტომ, რომ, რომ მან კვირას გართობის მიზნით მარიხუანა მოწია, არასწორად მიმაჩნია“, – განაცხადა სიხარულიძემ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარიხუანას მოხმარების მავნე ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დასაცავად, მარიხუანას უკანონო ბრუნვის რისკების თავიდან ასაცილებლად, მათ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადეს. „ამ მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანას მოხმარება მოექცევა მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში. კერძოდ, სანქციის პროპორციულობის კონსტიტუციური პრინციპის გათვალისწინებით, დაისჯება მარიხუანას მოხმარება: საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას; ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში; არასრულწლოვნის თანდასწრებით; სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების, 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის). კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების და მარიხუანას მავნე ზეგავლენისგან მოზარდების დასაცავად, შედარებით მკაცრად, სისხლის სამართლის წესით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნისთვის მარიხუანას სასყიდლით ან უსასყიდლოდ გასაღება/გადაცემა ან მარიხუანას მოხმარებაზე დაყოლიება. ასევე, კანონპროექტის მიხედვით გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანას მოხმარებისთვის ჩამოერთმევათ პროფესიული საქმიანობის უფლება და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები”- წერია შსს-ს ინფორმაციაში. საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა. „მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების “ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა. მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია არ ნიშნავს ამ პროდუქტის სრულ ლეგალიზებას. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს. თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები