ეროვნული სასახლე ახალ სასწავლო წელს საინტერესო სიახლეებით ხვდება (ვიდეო)

უკვე 77 წელია, ყოველ შემოდგომაზე, ეროვნული სასახლე  მოსწავლეთა მიღებას იწყებს.
3 სექტემბრიდან მიმდინარეობს ბენეფიციართა რეგისტრაციის პროცესი. ეროვნული სასახლე, სკოლისგარეშე, დამატებითი და არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაცია, კულტურულსაგანმანათლებლო ცენტრია. სასახლე 2018-2019 ახალ სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება.
6-27 წლამდე მოსწავლეებს, ახალგაზრდებს  მეცნიერების, ხელოვნებისა და სპორტის, საგნობრივი და სახელოვნებო მიმართულების წრეების ფართო არჩევანსა და საინტერესო სიახლეებს სთავაზობენ, მათ შეუძლიათ, აირჩიონ წრე, კლუბი, საკუთარი ინტერესის, მიდრეკილებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით. ახალ სასწავლო წელს კიდევ უფრო მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს მოქმედი შეღავათებით.
სასახლის სიახლეებს შორის არის თანამედროვე საესტრადო მუსიკალურ-ქორეოგრაფიული სკოლა, ასტროლოგიის კლასი, პროგრამები აბიტურიენტებისათვის. ამასთან ერთად, ტრადიციულად იმუშავებს სხვადასხვა ინტერესისა და მიმართულების მიხედვით ჩამოყალიბებული სასწავლო წრე თუ კლუბი.
2018-2019 სასწავლო წლის განმავლობაში, განხორციელდება ახალი და უკვე ტრადიციად ქცეული მასშტაბური პროექტები, მათ შორის, საერთაშორისო ფორუმები, ფესტივალები და სხვა. მოქმედებს ერთჯერადი სერვისებიყველა ასაკის დამთვალიერებლებს მიიღებს სასახლის ისტორიული მუზეუმი და პლანეტარიუმი.
ამასთან ერთად, სასახლეში ქალაქ თბილისის მერია ახორციელებს ელექტროობისა და გათბობაგაგრილების პროექტს და, ეტაპობრივად, სხვა სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება.
ახალ სასწავლო წელს მოსალოდნელ სიახლეებზე უფრო დაწვრილებით პორტალ „კვირას“  ეროვნული სასახლის დირექტორი,  თიკა რუხაძე ესაუბრა.

 – ერთ-ერთი პირველი და ყველაზე დიდი  სიახლეა ის, რომ აბიტურიენტების მოსამზადებელი ჯგუფების პროგრამა შედგა. ჩვენი პედაგოგები მზად არიან, ოქტომბრიდან აბიტურიენტები მიიღონ და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების მსურველები სხვადასხვა მიმართულებით, აბიტურიენტებისთვის საჭირო საგნებში შესაბამისი ცოდნის მიღებაში დაეხმარონ, იქნება ეს მათემატიკა თუ არქიტექტურა, ისტორია თუ უნარები და სხვა საგნები. ამ პროგრამას  პირადად სწავლების საგნობრივი მიმართულების ხელმძღვანელი, ქალბატონი ლია შენგელია ხელმძღვანელობს.
მეორე სიახლე – ამაყი ვარ, რომ დავიწყეთ პროექტი – ასტრონომიის კლასს ვაყალიბებთ.  სასახლეში აღდგება ტრადიცია, კვლავ იარსებებს ასტრონომიის კლასი. ამასთან ერთად, ამიერკავკასიაში ერთადერთი პლანეტარიუმი, რომელიც სასახლეშია განათავსებული, ცალკე ქვერგოლად გამოვიტანეთ და მის რეაბილიტაციასაც ვიწყებთ. იმედი მაქვს ამ პროექტებს კარგად გაუძღვება გამოცდილი ადამიანი, როგორიც არის ქალბატონი ნარი სვიანაძე.
ძალიან დიდ სიახლეს სექტემბერში ვთავაზობთ ჩვენს ბავშვებს – ახალი ტელესკოპები გვექნება, პროექტს ერთობლივად ჰოლანდიაში არსებულ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან, ფონდ „არტ-ექოსთან“  ერთად ვახორციელებთ, რომელსაც ჰოლანდიაში მოღვაწე ქართველი ქალბატონი დალი დე-გრააფი უდგას სათავეში. ამ საქმეში  თბილისის მერია, პირადად სოფო ხუნწარიაა ჩართული, ასევე საკრებულოს თავმჯდომრის მოადგილე – მარიკა დარჩია.
ახალი სასწავლო წლიდან კიდევ ერთი სიახლე  გვექნება – შემოგვიერთდა სასახლის აღზრდილი,  ყოფილი „მზიურელი“ სოფო ტოროშელიძე. თანამედროვე მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სკოლას ვხსნით, რომელიც ჩვენთან პირველად მიიღებს მოსწავლეებს. ვფიქრობ, დიდი მოთხოვნა იქნება. სკოლა, დაწყებული ინსტრუმენტალის შესწავლიდან დამთავრებული ვოკალით და ქორეოგრაფიით, სრულად მოიცავს მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ მიმართულებას. ამით გავაძლიერებთ თანამედროვე საესტრადო და ქორეოგრაფიულ მიმართულებასაც. მიხარია, რომ აქცენტი ინსტრუმენტალისტებზე გაკეთდება – დრამი (დასარტყამი ინსტრუმენტები), კლავიში და სხვა საკრავების შესწავლაც აქვე მოხდება და ესეც სიახლეა. ვფიქრობ, რომ ეს პროექტიც მოთხოვნადია და გაამართლებს.
ოქტომბერში სხვა სიახლეებიც დაგვემატება, რაზეც ახლა ვმუშაობთ.
– ამ ყველაფრის პარალელურად, სასახლეში მიმდინარეობს ელექტროობისა და გათბობა-გაგრილების პროექტიც…
–  ამ პროექტს თბილისის მერია ახორციელებს. ნამდვილად მისალოცი ეტაპია, რომ სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაიწყო. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო კახა კალაძეს და მთელ გუნდს, სოფო ხუნწარიასთან ერთად, რომლებმაც ათწლეულების პრობლემური საკითხის მოგვარება საკუთარ თავზე აიღეს. სასახლეს სხვანაირი მოვლა-პატრონობა სჭირდება და მერიამ ეს პროექტი უკვე დაიწყო.
ამის გარდა, უშუალოდ 2019 წელს უკვე შენობების რეაბილიტაცია დაიწყება, ახლა  მოსამზადებელ ეტაპზე ვართ.
სასახლის ორი შენობა უკვე გამოკვლეულია და ჩვენი სურვილია ეს საქმე პროფესიონალებმა გააკეთონ. მხოლოდ ასე იქნება სწორი. ამიტომაც დიდ რეაბილიტაციაში ვფიქრობთ, ჩაერთვება თბილისის განვითარების ფონდის გუნდი და მისი დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი.
ბევრი რამ კეთდება იმისთვის, რომ ეროვნული სასახლე, როგორც ისტორიულ-კულტურული ძეგლი მაღალ დონეზე იყოს მოვლილი. იგივეს ვიტყოდი ძალიან კარგად მოწყობილ სასახლის მუზეუმზე, რომელიც  ჩვენი ქალაქის სტუმრებისა  და ტურისტებისთვის საამაყო მასპინძელია.
– რა სიახლეები გაქვთ სასწავლო მიმართულებით?
–  სასწავლო მიმართულების მხრივ ინტერესი ძალიან მაღალია. ამიტომ უფასო და ფასიანი წრეები სხვაგვარად გადალაგდა, წრეები, რომლებზეც მაღალი მოთხოვნა იყო, მათ შორის – უცხო ენების, ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ჟურნალისტიკის, მეტყველების და სხვა ფასიანი გახდა. რადგან მოთხოვნა მაღალია ჩვენ უნდა შევძლოთ და კონკურენტუნარიანი სერვისები შევთავაზოთ თბილისელებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სასახლეში ფასიანი მომსახურება არსებულ საფასო პოლიტიკასთან შედარებით დაბალია. ამასთან ერთად განახევრდა სარეგისტრაციო გადასახადიც. უფასოა ძირითადი სერვისები სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და სხვა საშეღავათო ჯგუფებისათვის.
ადრე თუ ვემსახურებოდით სოციალურად დაუცველ 700-მდე ბავშვს, ახლა ეს რაოდენობაც  გავზარდეთ და 1200-მდე ბენეფიციარს უფასოდ მოვემსახურებით. ამის გარდა, სასახლის კლუბები, როგორიცაა „ამერიკული კუთხე“, „ინტერკლუბი“, „პიონერფილმი“, ანსამბლი „მზიური“, კლასიკურ მევიოლინეთა ანსამბლი „სიმი“ და სხვადასხვა კლუბი უფასო რჩება, ანუ სასახლეში იქნება როგორც უფასო, ასევე ფასიანი სერვისებიც. ვფიქრობ, დაინტერესება ძალიან მაღალია. ამიტომ სწავლების ხარისხიც უნდა ამაღლდეს  და დახვეწილი დონის სერვისები უნდა შევთავაზოთ სასახლეში მომსვლელს.
–  ასეთ დროს ალბათ იცვლება მოთხოვნა პედაგოგების მიმართ?
–  ჩვენი მიზანია, პედაგოგმა მაღალი პროფესიონალიზმით მიაწოდოს სკოლისგარეშე დამატებითი სწავლება ბავშვებსა და ახალგაზრდებს. სასახლეში ყოველთვის ბევრი ბავშვი მოდიოდა. მე, პირადად, აქტიურად ვარ ჩართული კვლევებში რა განაპირობებს წლის განმავლობაში ბავშვების განთესვას. რასაკვირველია, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ე.წ. უფასო წრეებზეც კი, როდესაც ბავშვი აღარ დადის და ამის კონტროლი მარტივად არის შესაძლებელი სარეგისტრაციო ელექტრონული სისტემით, ეს კითხვებს აჩენს.
ეს საკითხები უკვე მოგვარებულია ე.წ. ფასიან წრეებში. არც მშობელი და არც ბავშვი არ გადაიხდის თანხას, თუკი მომსახურება არ იქნება შესაბამისი. ამდენად, ჩვენ ზრუნავთ პედაგოგების ანაზღაურებაზე, მათი შრომა ღირსეულად უნდა დაფასდეს. ფასიანი სერვისები ბუნებრივად გულისხმობს, რომ შემოსავლის  70 პროცენტი პედაგოგის ანაზღაურებას მოხმარდება. პედაგოგს ექნებაა მოტივაცია, რომ კონკურენტუნარიანი გახდეს.
სიახლეა ისიც, რომ წლეულს კონტინგენტს ახალგაზრდების სეგმენტი ემატება…
–  ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქამდე სასახლეში სასკოლო ასაკის 6-18 წლამდე ახალგაზრდები დადიოდნენ.  წელს პირველად გავხსენით 27 წლამდე  ჯგუფები, დაწყებული სამოყვარულო ჯგუფებიდან – ფოტოხელოვნება იქნება ეს, კერამიკა, გობელენის ქსოვა, სიმღერა, ცეკვა… სამეცნიერო მიმართულება…  ახალგაზრდას შეუძლია, ამერიკულ კუთხეში გაეცნოს სათანადო ლიტერატურას. გვინდა სრული ახალგაზრდული სეგმენტი მოვიცვათ, ასტრონომიით დაწყებული ჭედურობით დამთავრებული…
ვფიქრობ, სასახლე ყველაზე დიდი ცენტრია, სადაც ახალგაზრდები თვალსაწიერს იფართოებენ. სასახლეში სულ 15 მიმართულებაა და ამ მიმართულებაში არის 160 დასახელების წრე და კლუბი.
ყოველგვარი პათეტიკის გარეშე რომ ვთქვათ, სასახლეს 5 ათასამდე მოსწავლე ისედაც ჰყავს ყოველწლიურად. მაგრამ მაინც, ვფიქრობ, მთავარია ხარისხი. ყოველწლიურად, პედაგოგების პროფესიული დახვეწისთვის, სხვადასხვა ტიპის გადამზადების ფორმებს,  მასტერკლასებსა და სემინარებს ვიყენებთ.
თბილისის მერიისა და საქართველოს დედაქალაქისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ამ ტიპის განათლებისა და კულტურის უდიდესი ცენტრი  თანამედროვე მეთოდოლოგიით მოსარგებლე პედაგოგებით იყოს დაკომპლექტებული და  მსოფლიოს გამოწვევებს ღირსეულად უპასუხოს.
–  „სიმღერით გეტყვით, თბილისო“ – მუსიკალური ფილმის გადაღება მიმდინარეობს…
– უახლოეს პერიოდში ვიწყებთ ახალი პროექტის – „სიმღერით გეტყვით, თბილისო“ გადაღებებს.  იმედია, მოესწრება თბილისობისთვის და  ამ საინტერესო მუსიკალურ-თეატრალიზებული  ფილმის წარდგენა გაიმართება.
წლევანდელი შემოდგომა ძალიან დატვირთული გვაქვს – წინ არის მუსიკალური ფესტივალი,  თეატრალური საერთაშორისო ფესტივალი, არაფორმალური განათლების ფორუმი, კულტურათა დიპლომატიის აკადემიის შეხვედრა, რომელიც  მეორედ გაიმართება…
ასე რომ, სასახლეში ყოველდღიურად სასიკეთო სიახლეებია და ჩვენ აქტიური რიტმით ვცხოვრობთ!

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები