სოფელ წევის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების წევის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. სტატუსი ძეგლმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის 3 აგვისტოს ბრძანებით მიიღო.
ეკლესია განეკუთვნება სამნავიანი ტიპის ბაზილიკას, თავდაპირველად წარმოადგენდა თლილი ქვის დარბაზულ ნაგებობას, რომელსაც მოგვიანებით მიაშენეს სამრეკლო და გვერდითი ნავები. აღმოსავლეთ ფასადიდან ირკვევა, რომ დარბაზულ ტაძარს მკვეთრად აზიდული პროპორციები ჰქონდა.
შესასვლელი კარი გაჭრილია დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან. სამივე კარი გარედან გამშვენებულია თაღოვანი ფორმებით. აღმოსავლეთ ფასადი გამოირჩევა სისადავით, მასზე მხოლოდ ერთი ოთხკუთხა სარკმელია განთავსებული.
ტაძარს შემოუყვება მარტივად პროფილირებული ლავგარდანი. ადგილ-ადგილ შემორჩენილია ძველი ლავგარდანის ფრაგმენტები, რომელიც წნული ორნამენტითაა გაფორმებული. გაფორმებული. ნაგებობა გადახურულია თუნუქით.
ტაძრის ფრესკები განეკუთვნება მე-15-16 საუკუნეებში გავრცელებულ ხალხური მხატვრობის ნიმუშს. ნაგებობის გვიანი გადაკეთების შედეგად მოინგრა დასავლეთ კედელი და გაიხსნა გრძივ კედელთა ქვედა ნაწილი, რასაც სრულად შეეწირა ამ მონაკვეთებზე დატანილი მხატვრობა.
ფრესკები დღეისათვის მხოლოდ სანახევროდაა შემორჩენილი. საკურთხევლის მოხატულობა ოთხ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში წარმოდგენილია ვედრების გავრცობილი რედაქცია (დამატებულია მთავარანგელოზთა ორი ფიგურა), მონუმენტურად დახატული მაკურთხეველი მაცხოვარი ზომით ყველა ფიგურას აღემატება. მეორე რეგისტრში ფრიზისებურად გაშლილი რვა მოციქულის წელსზემო გამოსახულებაა. მესამე რეგისტრში განთავსებულნი არიან წმ. მამები და წმ. დიაკვნები, ბოლო რეგისტრში კი ვხვდებით ქტიტორთა გამოსახულებებს. კამარაზე განთავსებულია საუფლო დღესასწაულთა სცენები: „ხარება“, „შობა“, „ფერისცვალება“, „ლაზარეს აღდგინება“,“უფლის ამაღლება“. ასევე აქვეა ჩართული „ყვედრება იოსებისაგან მარიამისა“, და წინასწარმეტყველი ელია „ნაღვარევსა მას ქორათისასა.“
ეკლესიას აქვს ძეგლის შემდეგი მახასიათებლები: სიძველე, არქიტექტურული ფორმა და დეტალები, ფასადთა მორთულობა და ხალხური მხატვრობის სტილის ფრესკები.