გიორგი გახარია: თრუსოს ხეობასთან საქართველოს მოქალაქეების დაკავება სამწუხარო, დამაფიქრებელი, და შემაშფოთებელია
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, თრუსოს ხეობასთან საქართველოს მოქალაქეების დაკავება სამწუხარო, დამაფიქრებელი და უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულები დღეს 16:00 საათისთვის იქნებიან გათავისუფლებულები.
„ეს სამწუხარო, დამაფიქრებელი, უფრო მეტიც, შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ ვიმუშავეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და იმედი გვაქვს, რომ დღეს 16:00 საათისთვის ჩვენი მოქალაქეები გათავისუფლდებიან. მათი ჯანმრთელობა წესრიგშია და ველოდებით, რომ დღეს 16:00 საათისთვის იქნებიან გათავისუფლებულები“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი პირის ე.წ. სასამართლო პროცესი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ცხინვალში გაიმართა.