გოჩა ენუქიძე: საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება მანიპულაციებით ვეღარ მოხდება

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარის, გოჩა ენუქიძის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის წესში შეტანილი ცვლილება პრევენციული ღონისძიებაა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო დღითიდღე უფრო მიმზიდველი ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ამიტომ საჭიროა, ბინადრობის ნებართვებისათვის დაწესებული სტანდარტების მაქსიმალურად დაახლოვება ევროკავშირის პრაქტიკასთან.
“საინვესტიციო ბინადრობის მიზანია ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა და საინვესტიციო ბაზრის გაჯანსაღება. მაგრამ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ასახვა საკანონმდებლო დონეზე, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი მუდმივ ან გრძელვადიან ბინადრობის ნებართვას ეხება.
ჩვენს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის საფუძველზე, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა ნაცვლად მუდმივისა განისაზღვრება 5 წლის ვადით, მოხდება დაწესებული თანხორბრივი ცენზის გაზრდა 300 000 ლარიდან 300 000 აშშ დოლარამდე, დაწესდება ინვესტიციის კეთილსინდისიერად განხორციელების კონტროლის მექანიზმი, ყოველწლიურად წარსადგენი ფინანსური ბრუნვის ვალდებულების საფუძველზე, აღნიშნული იქნება გარანტი იმისა, რომ ინვესტორის ინტერესები რეალურია და არ შეიცავს ფიქციის ელემენტებს.
იმ შემთხვევაში თუ ყოველწლიური ფინანსური ბრუნვა იქნება დაწესებულ ოდენობაზე ნაკლები, პირს ჩამოერთმევა ბინადრობის ნებართვა.
ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭება საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა იმ შემთხვევაში თუ ის შეიძენს 300 000 აშშ დოლარის ოდენობის უძრავ ქონებას და შეინარჩუნებს მასზე საკუთრებას 5 წლის ვადით, გასხვისების შემთხვევაში ბინადრობის უფლება გაუქმდება.
ჩვენი ქვეყანა ვითარდება და დღითიდღე უფრო მიმზიდველი ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ამიტომ საჭიროა ბინადრობის ნებართვებისათვის დაწესებული სტანდარტების მაქსიმალურად დაახლოვება ევროკავშირის პრაქტიკასთან”,-აღნიშნა გოჩა ენუქიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები