ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველი საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

14-16 სექტემბერს, ახალციხეში, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია, ციხის ტერიტორიაზე, ტრადიციული რეწვის სახელოსნოების პირველ საერთაშორისო ფესტივალს გამართავს.
როგორც „კვირას“ ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმიდან აცნობეს, ფესტივალის მიზანია ტრადიციული რეწვის  დარგების პოპულარიზაცია; ადგილობრივი ოსტატების მხარდაჭერა; სახელოსნოების ინსტიტუციის აღდგენის ხელშეწყობა; ისტორიული ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე რეწვის სახელოსნოების მუშაობის პროცესის სანახაობრივი და შემეცნებითი აქტივობების მოწყობით   ისტორიული ძეგლის ახალი ფუნქციით დატვირთვა და მნახველების მოზიდვა. ფესტივალის ფარგლებში მუზეუმი დამთვალიერებელს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს ბავშვებისთვის და უნიკალურ გამოფენას – „XIX-XX საუკუნეების ტრადიციული სახელოსნოები საქართველოში“, სადაც  წარმოდგენილი იქნება მუზეუმის არქივში არსებული ძველი სახელოსნოების ფოტომასალა, ამასთანავე, გამოიფინება ძველი ფოტოების მიხედვით დამზადებული მაკეტები. მოეწყობა ადგილობრივი და საერთაშორისო ტრადიციული რეწვის სახელოსნოების და ოსტატების საქმიანობის  სადემონსტრაციო აქტივობები – ღია მასტერკლასები (კერამიკის ამოყვანა და მოხატვა, ფილიგრანი, მეიარაღეობა, ბუნებრივი საღებავებით ღებვა, ფარდაგის ქსოვა, თელვა, მუსიკალური საკრავების დამზადება და სხვა).
ფესტივალში მონაწილეობას იღებენ  ადგილობრივი და მოწვეული ოსტატები, ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან – თურქეთი, ლატვია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, უზბეკეთი. ოსტატების სახელოსნოებთან მოეწყობა მცირე ზომის სტენდები ტრადიციული რეწვის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვისთვის.
ფესტივალის ფარგლებში, ასევე ჩატარდება:
საჯარო ლექციები ტრადიციული რეწვის შესახებ;
ტრენინგი ტრადიციული რეწვის ოსტატებისათვის;
ინფო-ტური ტურისტული სააგენტოებისათვის.
რეწვის ოსტატებისა და თანამედროვე არტისტების კოლაბორაცია, ინსტალაციები.
ფესტივალზე დასწრების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ ტრანსპორტით, რომელიც თბილისიდან უფასოდ მოემსახურება მგზავრებს ახალციხის მიმართულებით.
ფესტივალი ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის   სამინისტროსა და  USAID  Zrda Activity in Georgia-ს  დაფინანსებით. ასევე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის  მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები