მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ წინასწარ ეგუება მარცხს და „პანიკაშია“

პარლამენტის უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას, რომელიც საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით გაავრცელეს, ეხმაურება და აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პანიკაშია“.
ამასთან მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იცის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს აუცილებლად წააგებს და ცდილობს, წინასწარ გათვლილი მარცხი მანიპულაციებს დააბრალოს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის პანიკაში, მათ უკვე წარმოიდგინეს, რომ „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ ჰყავს კანდიდატი და ეს შეგნებულად კეთდება. ისინი აუცილებლად წააგებენ რომელიმე დამოუკიდებელ კანდიდატთან და ისღა დარჩენიათ, მარცხი, რომელიც წინასწარ აქვთ გათვლილი, დააბრალონ იმას, თითქოს, ვიღაც მანიპულაციებს აკეთებს საარჩევნოდ კომისიებში“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, დეპუტატი ამბობს, რომ აუცილებლად დაინტერესდება დეტალებით, რაზეც „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში იყო საუბარი.
„დეტალებით დავინტერესდები, გამორიცხული არაფერია, ვინმეს ნათესაობაც არ არის გამორიცხული. არ ვიცი დეტალები, თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადების ერთადერთი საფუძველი არის ის, რომ ისინი წინასწარ ეგუებიან მარცხს და ეს უნდათ სხვა მოვლენებს გადააბრალონ. დეტალებზე ინფორმაციას მოვიპოვებ აუცილებლად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, „ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.
როგორც პარტიაში აცხადებენ, წევრებმა საარჩევნო კომისიები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებითა და აქტივისტებით კომპლექტდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები