საქართველოსა და გერმანიის სამუშაო ჯგუფები ეკონომიკურ საკითხებს წელიწადში ორჯერ განიხილავენ

„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოსა და გერმანიის პირველი პირების მიერ გუშინ მიღწეული შეთანხმება, რომ წელიწადში მინიმუმ ორჯერ მოხდება ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, ან კომისიების შეხვედრა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროებს შორის მუდმივი დიალოგის ჩარჩო-ფორმატის ჩამოყალიბების საშუალებას მოგვცემს, ამასთან, შესაძლებლია მასში სხვა უწყებების და კერძო სექტორის ჩართულობაც”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა საქართველო-გერმანიის ბიზნესის მონაწილეობით გამართული მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, მრგვალ მაგიდაში მონაწილეობდნენ მსხვილი გერმანული კომპანიების ხელმძღვანელი პირები, რომლებიც ან უკვე მოღვაწეობდნენ საქართველოში, ან გეგმავენ ბიზნესის დაწყებას.
„ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა, იყო კონკრეტული კითხვები და მათი მხრიდან გამოხატული კონკრეტული მიზნები. ჩვენ მათ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან კონკრეტული შედეგი გვექნება და ასევე იმის შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი ინვესტიციები მივიღოთ გერმანული მხრიდან”, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მრგვალი მაგიდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოსა და გერმანიის სამთავრობო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებმა, გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები