თამარ ხულორდავა: გერმანია ჩვენი აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანაა, რომელთანაც სტრატეგიული თანამშრომლობა გვაქვს
„გერმანია არის ჩვენი ძალიან აქტიური მხარდამჭერი და პარტნიორი ქვეყანა, რომელთანაც გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა და სურვილი, რომ ეს თანამშრომლობა იყოს კიდევ უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი“, – განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში უმრავლესობის წევრმა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დინამიურია და ყველა სფეროს მოიცავს.
„განსაკუთრებით გააქტიურებულია ორმხრივი ურთიერთობები ბოლო პერიოდის განმავლობაში და ესეც ძალიან თვალსაჩინოა. ამ ყველაფრის დაგვირგვინება კი ხდება ფედერალური კანცლერის ვიზიტით საქართველოში, რაც თავისი მნიშვნელობით არის ძალიან დიდი და სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი, იმის გამო, რომ ეს ხორციელდება რუსეთის ოკუპაციიდან 10 წლის შემდეგ. იცით, რომ ანგელა მერკელი ბოლოს სწორედ 10 წლის წინ სტუმრობდა საქართველოს, გერმანიის მხარდაჭერა ჩვენთვის, სასიცოცხლო ინტერესების ყველა საკითხში და მათ შორის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხში არის უმნიშვნელოვანესი, ჩვენ ამ მხარდაჭერას გერმანიის ხელისუფლებისგან მუდმივად ვიღებთ და ეს დახმარება არის ეხლაც ფედერალური კანცლერის ვიზიტი საქართველოში“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
მისი თქმით, უსაფრთხოება და მშვიდობა არის ჩვენი საერთო ინტერესი და საქართველოს ინტერესი ეს არის გერმანიის ინტერესი.
„ჩვენს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა, არის წინაპირობა საერთო ევროპული მშვიდობის და სტაბილურობის. ამდენად, ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და ამ ინტერესის განხორციელებაში ჩვენ გვაქვს გერმანიის, როგორც საქართველოს მხარდამჭერის სერიოზული იმედი. გერმანია იყო ასევე ჩართული ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებების პროცესში და იყო ამ გადაწყვეტილების მხარდამჭერი. ამის დასტურია ანგელა მერკელის 10 წლის წინანდელი ვიზიტი საქართველოში, მუდმივად ხდება რუსეთისთვის იმის შეხსენება, რომ ის არა ასრულებს ხელშეკრულებას და მოუწოდებს შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება“ – განაცხადა ხულორდავამ.
რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობებს, ხულორდავას თქმით, ეკონომიკური თვალსაზრისით გერმანია ჩვენთვის ძალიან აქტიური და მჭიდრო პარტნიორია, რაც ასევე ჩვენი ევროპული მისწრაფების რეალიზების საშუალებაა.
„გერმანია ევროკავშირის შიგნით ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, ყველაზე დიდი მოსახლეობით, საკმაოდ სერიოზული სიტყვა ეთქმის ბრიუსელში გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასე რომ, გერმანიის პოზიცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ როგორც ქვეყნის პოზიცია, არამედ, იმდენადაც, რამდენადაც ეს პოზიცია საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს საერთო-ევროპული პოზიციის ფორმირებაზე. სწორედ ამიტომ, ანგელა მერკელის დამოკიდებულებას, მის ჩართულობას, მის ვიზიტს და აქ გაკეთებულ განცხადებას ჩვენთვის ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს“, – აცხადებს ხულორდავა.