სოფიო ქაცარავა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ქალაქ ვილნიუსს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის სახელობის მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს.
ფორუმის სესიაზე სახელწოდებით – „ერთიანი და თავისუფალი ევროპა”, სოფიო ქაცარავა ევროპაში ტრანსატლანტიკური ერთიანობისა და ლიდერობის განმტკიცების, ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოების საკითხებზე ისაუბრებს. აქცენტი გაკეთდება ევროპაში არსებულ კონფლიქტებზე, ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გამოწვევებზე და რუსეთის აგრესიული ქმედებების დაბალანსების აუცილებლობაზე.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებასა და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რაც, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას ითვალისწინებს. სოფიო ქაცარავა, გამოსვლისას ასევე, ყურადღებას გაამახვილებს ლიეტუვას და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობაზე.
კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების აღმასრულებელი საკანონმდელო და ხელისუფლების მაღალი დონის წარმომადგენლები და უსაფრთხოების სფეროს საერთაშორისო ექსპერტები. საპანელო განხილვას მოდერაციას გაუწევს ატლანტიკის საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, დეიმონ ვილსონი. პანელზე, სოფიო ქაცარავასთან ერთად, სიტყვით გამოვლენ კურტ ვოკერი – აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში და მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, ვიქტორ იუშჩენკო – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, ჟიგიმანტას პავილიონისი – ლიეტუვა-საქართველოს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, ქრისტიან შმიდტი – გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, მაია სანდუ – მოლდოვას პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და სხვა მაღალი დონის ოფიცალური პირები და საერთაშორისო ექსპერტები.
ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ლიეტუვას სეიმში საგარეო ურთიერთობათა, ევროპულს საქმეთა კომიტეტების თამჯდომარეებთან, მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან და სხვა პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების წარმომადგენლებთან.
„მსგავსი ფორუმები საშუალებას გვაძლევს, ვისაუბროთ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ჩვენი ხედვებისა და პოლიტიკის შესახებ. გავცვალოთ აზრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს ერთობლივი ძალისხმევით და როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზნებს“,-განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები