თამარ ჩუგოშვილი აშშ-ის კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მრჩეველთა დელეგაციას შეხვდა.
„საქართველოში სტუმრად იმყოფებიან კონგრესის მრჩეველთა დელეგაციის წევრები, რომლებიც ეცნობიან ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. ეს ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ემსახურება კონგრესში საქართველოს შესახებ ინფორმაციისა და ცნობადობის გაზრდას. ვისაუბრეთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამერიკის პოლიტიკურ მხარდაჭერაზე, რომელიც, პირველ რიგში, გამოიხატება რეზოლუციებში და ასევე, იმ საჭიროებებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი”, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის კომენტირებისას.
საქართველოში კონგრესის მრჩეველთა დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების ერთობლივი საგანმანათლებლო და კულტურული გაცვლითი პროგრამით ხორციელდება და იგი ამერიკის წარმომადგენელთა პალატის წამყვან თანამშრომლებს შესაძლებლობას აძლევს, მეტი გაიგონ საქართველოს პოლიტიკაზე, ეკონომიკასა და კულტურაზე, აგრეთვე, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მჭიდრო, ორმხრივ ურთიერთობებზე.
ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან მთავრობის, პარლამენტის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, პოლიტიკის ექსპერტებს. ვიზიტის მიზანია მონაწილეებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაცვალონ ხედვა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა რეგიონული უსაფრთხოება, საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობა, ვაჭრობის ლიბერალიზაცია და სხვა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნინო გოგუაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები