„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურასთან დაკავშირებით და სისტემაში არსებული მდგომარეობიდან გამოსასვლელად, საჭიროა საერთო ძალისხმევა“

ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებით, არსებობს ფართო, საზოგადოებრივი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო სისტემაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
„სწორედ, ამ კონსენსუსის და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა გააკეთა შეთავაზება, რომ საჭიროა, საერთო ძალისხმევა ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, მან გააკეთა შეთავაზება, რომ ამ პროცესში ჩართულიყო იურიდიული წრეების ფართო წარმომადგენლობა და დაესახელებინათ შესაბამისი კანდიდატი“,- აღნიშნა კახა კოჟორიძემ.
აღნიშნული განცხადება კოჟორიძემ დღეს, პრეზიდენტისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით გამართული შემაჯამებელი კონსულტაციების დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელიც დღეს სასახლეში გაიმართა.
“ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არსებობს რამდენიმე მოდელი, რომლებითაც შესაძლებელი იყო სარგებლობა ამ სიტუაციაში. სამწუხაროდ, ფორმატთან დაკავშირებით, შეთანხმება ვერ მოხერხდა. გასაგებია, რომ არსებობდა სხვადასხვა მოსაზრებები, თუ რატომ შეიძლებოდა ეს ვერ გამოსულიყო, თუმცა პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ ამ სიტუაციაში, ეს შესაძლებელია და მართლმსაჯულების სისტემის მძიმე მდგომარეობას დაეხმარებოდა მაქსიმალური საზოგადოებრივი კონსენსუსი, იურიდიული წრეების კონსენსუსი, როგორც პროცესთან, ასევე, კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით,” – აღნიშნა კახა კოჟორიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, პრეზიდენტი თავად მიაწვდის საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას.
საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას, არასამთავრობო სექტორსა და პროფესიულ წრეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევაში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ იგი არასამთავრობოების მიერ შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დაწყებული კონსულტაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და კონსულტაციების ფარგლებში, შვიდი შეხვედრა შედგა. მასში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიულ -აკადემიურ- სამეცნიერო წრეებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.
შეხვედრას დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი – გიორგი აბაშიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ადამიანის უფლებების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები