ვახტანგ ძაბირაძე: ჩვენს მოცემულობაში, სჯობს პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით იყოს არჩეული

„ჩვენს მოცემულობაში, სჯობს პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით იყოს არჩეული, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, პრეზიდენტი უნდა იყოს აპოლიტიკური ფიგურა”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა და კონსტიტუციონალისტმა, ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა. მისი თქმით, როდესაც საკონსტიტუციო კომისიაზე იყო საუბარი, თავიდანვე პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის მომხრე იყო. როგორც ძაბირაძე აცხადებს, პრეზიდენტობის კანდიდატები უკვე უხერხულ მდგომარეობაში არიან, რადგან ისეთ დაპირებებს იძლევიან, რომლის შესრულების მექანიზმები მათ არ აქვთ. მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ წინასწარვე ვაყენებთ მათ ისეთ სიტუაციაში, რომ იძულებულნი არიან იცრუონ. შესაბამისად, ძაბირაძის თქმით, ძალიან მარტივი გადაწყვეტილებაა, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა არაპირდაპირი გზით აირჩიოს და არა საერთო სახალხო კენჭისყრით.
ამასთან არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელსაც მხარს როგორც უმრავლესობის უმრავლესობა, ისე ოპოზიციის უმრავლესობა დაუჭერს.
„ის უნდა იყოს პრეზიდენტი, რომელსაც მხარს უჭერს როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია. ამ შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ პოლიტიკურად ნეიტრალურ სახელმწიფოს მეთაურს. ჩვენ მხოლოდ პარლამენტს ვირჩევთ და გამოდის, რომ ერთი პირის ლეგიტიმაცია და მთლიანი პარლამენტის ლეგიტიმაცია ტოლია, რაც გარკვეულ უხერხულობას და საფრთხეებსაც ქმნის, რადგან ეს ლეგიტიმაცია ამ პიროვნებამ შეიძლება გამოიყენოს სრულიად სხვა მიმართულებით და არა იმისთვის, რისთვისაც ირჩევენ. თუ რეალურად გვინდა ნეიტრალური პრეზიდენტის არჩევა, ამ წესით უნდა იყოს ის არჩეული”, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები