ეროვნულ ბიბლიოთეკაში ირლანდიელ მწერალთან, მიქაელ მულვიჰილთან შეხვედრა გაიმართება
16 აგვისტოს, 17:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო – ამერიკულ სამკითხველო დარბაზში, ირლანდიელ მწერალსა და ფსიქოთერაპევტთან, მიქაელ პატრიკ მულვიჰილთან შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, მწერალი ახალი წიგნის, „ციმბირის ჯოჯოხეთური ხვრელის“ შესახებ ისაუბრებს.
წიგნი ჰორორის ჟანრს მიეკუთვნება და მოგვითხრობს ტობიასის ისტორიას, რომელიც მოსკოვიდან ციმბირში მიდის, სადაც გაზისა და ნავთობის საბადოს დაქირავებულ მეთვალყურედ მუშაობას იწყებს.
მოვლენები „პერესტროიკის” შემდგომ რუსეთში ვითარდება. ცოტა ხანში, ტობიასი შეამჩნევს, რომ ეს მხოლოდ წიაღისეული საბადო არ არის და, ნავთობის მომპოვებლებმა, გამოუცდელმა მუშებმა ჯოჯოხეთის ხვრელი გათხარეს. ერთადერთი, რაც ქვესკნელში დემონებს აკავებს, თვით სატანა არის, რომლის აზრით, მათი დრო ჯერ არ დამდგარა.„ვოდკას ველზე“ და მისი მაცხოვრებლების გარშემო უცნაური მოვლენები ვითარდება.
არსებული პოლიტიკური და კრიმინალური ვითარება „ვოდკის ველის“ ჩვეულებრივი მაცხოვრებლების გონებაში განსხვავებულად აისახება და გადასარჩენად ერთმანეთის სისხლს დაეძებენ. ტობიასი აღმოაჩენს, რომ ლიუბას მეხსიერებაშიც ბევრ ჯოჯოხეთური მოგონება იმალება, ხოლო ქვეყანაში გამეფებული სიხარბე ადგილობრივებთან ერთად, მასაც ვამპირად გადაქცევით ემუქრება და რაღაც უნდა იღონოს. ავტორის თანახმად, ნაწარმოები საბჭოთა ფსიქიატრიისა და ფსიქოანალიზის პრობლემებსაც ეხება, რამდენადაც გმირების მდგომარეობას ხშირად დეტალურად აღწერს. მაგალითად, წყვილის ისტორიას, რომლის იძულებით ურთიერთობებსა და ტრავმებს პროფესიონალის დახმარება სჭირდება, მაგრამ არსებულ გარემოში დახმარების მიღება მხოლოდ საიდუმლოდ შეუძლიათ.
ირლანდიელი ნოველისტი, მიქაელ მულვიჰილი დაიბადა 1978 წელს, დუბლინში.
1998 წელს, ირლანდიაში მომხდარმა ტერორისტულმა აფეთქებამ 20 წლის მიქაელზე დიდი კვალი დატოვა, რასაც პირველი პოემა, „დაბომბვა“ მიუძღვნა. 2003 -2009 წლებში სწავლობდა დუბლინის ბიზნესისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. სამაგისტრო სწავლების დასრულების შემდეგ, გახდა ექიმი-კონსულტანტი, ნივთიერებადამოკიდებულების განხრით. მუშაობს როგორც კლინიკური, ისე ჰიპნოთერაპიის მიმართულებით.
მიქაელ მულვიჰილის გოთიკური ჟანრის მოთხრობები იბეჭდებოდა BP-ის ლიტერატურულ ჟურნალში, ამჟამად მესამე წიგნს ამზადებს. ჰყავს ქართველი მეუღლე და ორი შვილი.
მიქაელ მულვიჰილის წიგნი „ციმბირის ჯოჯოხეთური ხვრელი“ ამ ცოტა ხნის წინ ითარგმნა და ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომია.
მთარგმნელი ნანა შალამბერიძე, გამომცემლობა „ივერიონი“, 2018.
წიგნი გამოიცა საქართველო-ირლანდიის კულტურული ურთიერთობების ცენტრის ხელშეწყობით.