გიორგი მარგველაშვილი მარიხუანას მოხმარების საკითხზე – მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას

„ერთია, რაღაც არ მოგწონდეს და მეორეა, ამის გამო ადამიანს ციხეში უშვებდე. მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და მიმაჩნია, რომ უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რითაც მარიხუანას მოხმარების საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
პრეზიდენტი ამბობს, რომ იზიარებს იმ ადამიანებს პოზიციას, ვისაც ალკოჰოლის, მარიხუანას და ნარკოტიკის მოხმარება სწორი არ ჰგონია.
„მოდით, ასე ვთქვათ, რომ 74% ფიქრობს, რომ მარიხუანას მოხმარება არაა კარგი და დადებითი ჩვევა. მე შემიძლია, ამ 74%-ს შევუერთდე, შეიძლება კიდევ შევუერთდე იმ 90%-ს, ვისაც მიაჩნია, რომ სიგარეტის მოხმარება კატასტროფაა, შემიძლია შევუერთდე ალბათ, მოქალაქეების 100%-ს, ვისაც მიაჩნია, რომ ზედმეტი ალკოჰოლის მოხმარება ცუდია, მაგრამ ზღვარი უნდა გავავლოთ. ერთია, ცუდი და კარგი ჩვევა და მე ვიზიარებ იმ ადამიანის პოზიციას, ვისაც არც ალკოჰოლის, არც მარიხუანას და არც ნიკოტინის მოხმარება სწორად არ მიაჩნია. ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია, ამის გამო რამდენად უნდა გვყავდეს ადამიანები ციხეში. ჩვენ ამ ზღვარის გავლება უნდა ვისწავლოთ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამართული და თავისუფლებაზე ორიენტირებულია.
„სრულიად სწორი, ღირებულებითად გამართული და თავისუფლებაზე ორიენტირებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება. სავარაუდოდ, საკონსტიტუციო სასამართლოშიც მიიჩნევენ, რომ მარიხუანას მოხმარება კარგი არაა, მაგრამ ზღვარი უნდა ვიცოდეთ. ერთია, რაღაც არ მოგწონდეს და მეორეა, ამის გამო ადამიანს ციხეში სვამდე. თავისუფალი საზოგადოება ამ ზღვარს ძალიან აფართოებს. რაც უფრო გავაფართოებთ ამ ზღვარს, მით უფრო თავისუფლები ვიქნებით. მე მხარს ვუჭერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და აგრეთვე, მიმაჩნია, რომ სრულიად უპასუხისმგებლოა საკონსტიტუციო სასამართლოზე თავდასხმა. ინსტიტუტებს ამ ქვეყანაში, ამ ბოლო დროს, ძალიან იოლად ესხმიან თავს მარჯვნიდან, მარცხნიდან, ზევიდან და ქვევიდან. ამ ინსტიტუტებს თუ მთლიანად დავანგრევთ, მერე, მაინტერესებს, ვინ დაიცავს ნებისმიერ კანონს“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები