ხელოვნების სასახლეში ჟურნალ „ივერიელნის“ წარდგენა გაიმართება
31 ივლისს, 19:00 საათზე, ხელოვნების სასახლეში გაიმართება საზოგადოებრივი ჟურნალის „ივერიელნის“ წარდგენა.
200-გვერდიანი ფერადი ჟურნალი სპეციალური გამოცემის მე-17 ნომერია.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ნომერი სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის რაიონების მოკლე ისტორიის, აქ მიმდინარე და განხორციელებული უნიკალური პროექტების, მუზეუმებისა და კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლების, ტობავარჩხილისა და მღვიმეების, ადათობრივი სამართლის, კოლხური ვაზის ჯიშების, სვანური კოშკის, კოლხური ოდისა და სხვა მრავალი საინტერესო ფაქტის შესახებ მოგვითხრობს.
სამუშაო ჯგუფს სურს, გამოსცეს უნიკალური წიგნი-ალბომი – „კოლხეთი, ლაზიკა, ეგრისი, ოდიში, სამეგრელო-ზემო სვანეთი“, სადაც მკითხველი უფრო სრულად გაეცნობა ამ რეგიონის ისტორიას, ეთნოგრაფიას, გამოჩენილ ადამიანებს, კულტურულ მემკვიდრეობას, ფოლკლორს, ეკლესია-მონასტრებსა და ციხე-სიმაგრეებს, ფლორასა და ფაუნას.
ჟურნალის ღირებულება 30 ლარია. ღირებულებაში შედის საკურიერო მომსახურება.