პრემიერი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შსს-თან შეერთებაზე: ჰორიზონტალური სტრუქტურების მომხრე ვარ

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სავარაუდო შს სამინისტროსთან შეერთებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ის მაქსიმალურად ჰორიზონტალური სტრუქტურების მომხრეა. როგორც მან განმარტა, სტრუქტურა უნდა მოერგოს არსებულ რეალობას და მისწრაფებებს, რომ იყოს მცირე ბიუროკრატია.
„სტრუქტურულ მოწყობას რაც შეეხება, თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ მე ვარ მაქსიმალურად ჰორიზონტალური სტრუქტურების მომხრე. რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს გამონაკლისები, თუ მას აქვს ობიექტური საფუძველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვხედავდეთ სინერგიას. როდესაც სტრუქტურები ერთად არიან, ხარჯების ნაწილში ხშირ შემთხვევაში ეს იწვევს გარკვეულ სინერგიას, მათ შორის, სინერგიას იმაზე, რომ ძირითადი საშუალებები შეიძლება განაწილდეს რამდენიმე უწყებას შორის, მაგალითად, ვერტმფრენი შეიძლება გამოიყენოს ერთმა უწყებამაც, მეორემაც, მესამემაც, თუ ეს ერთი ქოლგის ქვეშ არის მოქცეული. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული. ჩვენ სტრუქტურა უნდა მოვარგოთ არსებულ რეალობას, არსებულ მისწრაფებებს, რომ გვქონდეს მცირე ბიუროკრატია და ხარჯები იყოს ლიმიტირებული და არა პირიქით. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ გადაწყვეტილებას, ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ უწყებაზე არ მაქვს საუბარი, ამ პრინციპით მივიღებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რომელიც პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული ორგანოა, შესაძლოა, კვლავ შს სამინისტროს სტრუქტურაში გაერთიანდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები