ედუარდო მენდოსას რომანის – „საოცრებათა ქალაქის“ წარდგენა გაიმართება
26 ივლისს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“, ედუარდო მენდოსას რომანის – „საოცრებათა ქალაქი“ წარდგენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, „საოცრებათა ქალაქი“ ცნობილი ესპანელი მწერლის, სერვანტესის პრემიის ლაურეატის (2016), ედუარდო მენდოსას გახმაურებული რომანია, რომელიც ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ.
წიგნში მოთხრობილია მე-19 საუკუნის დასასრულისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ბარსელონის მშფოთვარე ცხოვრება.
ქალაქის სოციალური და ეკონომიკური გარდაქმნის ფონზე მწერალი გვიამბობს პროვინციიდან დიდ ქალაქში ჩამოსული ბიჭის, ონოფრე ბოუვილას საოცარ ცხოვრებას. ანარქისტების დაქირავებული პროპაგანდისტიდან მსოფლიოში ყველაზე მდიდარ და გავლენიან ადამიანამდე მთავარი გმირის გასავლელი გზა ეპოქის უმნიშვნლოვანესი ისტორიული მოვლენების კონტექსტშია ნაჩვენები. ბარსელონაში ჩატარებულ ორ უნივერსალურ გამოფენას შორის მოქცეულია ონოფრე ბოუვილას ცხოვრებაც და ქალაქის ტრანსფორმაციაც – თუ როგორ იძენს ბარსელონა საკუთარ იდენტობასა და საერთაშორისო მნიშვნელობას. რომანს ფონად გასდევს კატალანურ-ესპანური დაპირისპირების ისტორიული მოტივებიც.
ედუარდო მენდოსას „საოცრებათა ქალაქი“ თანამედროვე ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წიგნია.