​პარლამენტის რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის 2018 წლის 4 ივლისიდან მოწვეულმა რიგგარეშე სესიამ მუშაობა დაასრულა.

სესიის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს და კენჭი უყარეს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საომარი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისი თანმდევი პროექტები.
ორმოცდაათი კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა წარმოადგინა. ცვლილებების მიზანია „საომარი მდგომარეობის შესახებ” კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა, კეძოდ:

• „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს კონსტიტუციური კანონის 71-ე მუხლის მიხედვით საომარი მდგომარეობა ცხადდება საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის ან მისი უშუალო საფრთხის შემთხვევაში. ამასთანავე, კონსტიტუცია ამკვიდრებს ტერმინს ,,სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოება”, რაც გათვალისწინებულია წარმოდგენილ კანონპროექტში;

• კონსტიტუციური კანონის შესაბამისად დაზუსტდა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტზე თანახელმოწერის პროცედურა. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, ნაცვლად 48 საათისა, დაუყოვნებლივ წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად. პარლამენტი შეკრებისთანავე ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებას საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს აღნიშნულ ბრძანებას, იგი კენჭისყრისთანავე დაკარგავს იურიდიულ ძალას. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ-მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ.

• წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებაში უნდა აღინიშნოს საომარი მდგომარეობის გამოცხადების მოტივი. გადაწყვეტილება საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ მიიღება საომარი მდგომარეობის გამოცხადებისა და დამტკიცებისათვის დადგენილი წესით და ცხადდება საქვეყნოდ;

• კონსტიტუციური კანონის შესაბამისად, „საომარი მდგომარეობის შესახებ” კანონშიც უქმდება ეროვნული უშიშროების საბჭო;

• „საომარი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის ემატება მუხლები, რომლითაც განისაზღვრება ეროვნული თავდაცვის საბჭოს უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები;

• კანონის მე-9 მუხლში სამხედრო ძალა შეიცვლება თავდაცვის ძალით და საომარი მდგომარეობის შედეგების ლიკვიდაციის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენება და მათი მოქმედებაში მოყვანა განხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად;

„საომარი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”. კანონპროექტი აწესრიგებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით იქნა განხილული და 77 ხმით მიღებული ორგანული კანონის პროექტი, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”. კანონპროექტი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარმოადგინა.

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის შინაარსობრივი და ტექნიკური გადასინჯვის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა 2017 წლის ოქტომბერში მიიღო საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ”. კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, კანონით უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღება აღარ განისაზღვრება საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ავტომატურ საფუძვლად. შესაბამისად, იქმნება თვისობრივად ახალი და თანამედროვე კანონმდებლობის მიღების შესაძლებლობა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებით, მოქმედ კანონმდებლობასთან შედარებით მკვეთრად იზრდება სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის ფლობის შესაძლებლობები. დგინდება პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისას მხედველობაში მისაღები პირობების ჩამონათვალი, რაც მეტ ადამიანს მისცემს ასეთის  მოპოვების შესაძლებლობას. კანონპროექტით დგინდება, რომ საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი  აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს  სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. კანონპროექტით გათვალისწინებულ სიახლეს წარმოადგენს, ასევე, აღდგენის დროებითი უფლება. კანონპროექტით, ასევე იცვლება მოქალაქეობის მინიჭებისათვის საქართველოში ცხოვრების ცენზები.

კანონპროექტი ითვალისწინებს მოქალაქეობის თაობაზე გადაწყვეტილების გასაჩივრების განსხვავებულ მექანიზმს. განსხვავებით, მოქმედი კანონმდებლობისაგან, როდესაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება მხოლოდ საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე უარი, წარმოდგენილი კანონპროექტით საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ დაექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ცვლილების შეტანის მიზანია პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტის გაუქმება. „იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარეობს კრიმინალური პოლიციის რეფორმა შინაგან საქმეთა სამინისტროში,  აკადემია მთლიანად გადადის პროფესიული განათლების განვითარებაზე. ამ მიზნით ვაუქმებთ უმაღლესი განათლების კომპონენტს”,-განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 80 ხმით მიიღეს კანონპროექტი “სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ წარმოადგინა.

საკანონმდებლო ცვლილების ძირითად მიზანს წარმოადგენს სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გამარტივება, საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებს შორის საჭირო ინფორმაციის გაცვლის ოპერატიულობის უზრუნველყოფა და ამ გზით თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდა.

სწორედ აღნიშნული მიზნის მიღწევას ემსახურება კანონპროექტით მოქმედი რედაქციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის გაუქმება, რომლის მიხედვითაც, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება, რომლისთვისაც მოთხოვნილი იყო დახმარება, წარმოადგენდა სისხლისსამართლებრივად დასჯად ქმედებას როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საზღვარგარეთის შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით. წინამდებარე კანონპროექტით უქმდება ზემოაღნიშნული კუმულატიური წინაპირობები და მარტივდება საერთაშორისო თანამშრომლობის ეფექტიანობა.

პარლამენტის წევრებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 78 ხმით მიიღეს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.

ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებასთან. ორგანული კანონის პროექტით წესრიგდება მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან, მოსამართლის შრომის ანაზღაურებასთან, მოსამართლესთან კომუნიკაციის დაუშვებლობასთან, მოსამართლის (სასამართლოს თავმჯდომარის), პროკურატურის მუშაკის, ადვოკატის, გამომძიებლის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა ორგანული კანონის პროექტი არეგულირებს პროცესის მონაწილის, დაინტერესებული პირის, საჯარო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის დაჯარიმებასთან, მოსამართლესთან აკრძალული ფორმით კომუნიკაციის თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის წარდგინებასთან, დაჯარიმების შესახებ განკარგულების გასაჩივრებასთან, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 94 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”.
კანონპროექტის თანახმად, გადასახადის გადამხდელებს სრულად ჩამოეწერებათ 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და  გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, თუ  მათ 2013 წლის 1 იანვრის შემდეგ აღარ განუხორციელებიათ საგადასახადო ანგარიშგება.

პლენარულ სხდომაზე, საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე კანონპროექტი იქნა განხილული.

დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 79 ხმით მიიღეს ,,საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე” ორგანული კანონის პროექტი. საქართველოს კონსტიტუციასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში მომზადებული კანონპროექტის თანახმად, ცვლილება განიცადა „საქართველოს საარჩევნო კოდექსის” მოქმედი რედაქცია და მოხდა მისი ცალკეული ნორმების კონსტიტუციის ასამოქმედებელ რედაქციასთან შესაბამისობა. მათ შორის, ცვლილება შეეხო საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დებულებებს, საარჩევნო ბლოკებთან და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით ასარჩევ პარლამენტის წევრებს. ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრა ამოქმედების ცალკეული ვადები, თუ რომელი ცვლილება რა დროიდან უნდა შევიდეს ძალაში. ასევე, კანონპროექტი მოიცავს გარდამავალ დებულებებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ცვლილების ამოქმედებამდე გასამართი პარლამენტის შულედური, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში” განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, ცვლილება შევიდა „რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში და ,,საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონში.

· მესამე მოსმენით განხილული იქნა და 80 ხმით მიღებული ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც მომზადდა საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზების გამოსწორების, არჩევნების ჩატარების ცალკეული პროცედურული საკითხების დაზუსტებისა და საქართველოს კონსტიტუციის ასამოქმედებელი რედაქციით გათვალისწინებული ცალკეულ საკითხთა მოაწესრიგებს მიზნით. კოდექსში დაზუსტდა და დაემატა ცალკეულ ტერმინთა განმარტებები, საარჩევნო პერიოდში განსახორციელებელი ცალკეული ღონისძიებები, ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობასთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები.
· დეპუტატებმა  მესამე მოსმენით განიხილეს  და 79 ხმით მიიღეს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილების შეტანის თაობაზე”. ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” შესაბამისობაში მოყვანას საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებულ ცვლილებებთან. ორგანული კანონის პროექტით წესრიგდება საარჩევნო ოლქებთან, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებასთან, პასიურ საარჩევნო უფლებასთან, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლებასთან და წესთან დაკავშირებული საკითხები. ორგანული კანონის პროექტი აგრეთვე განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის წესს და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების საქმიანობის გარანტიებს. გარდა ამისა ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება პოლიტიკური პარტიების მიერ, ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან საარჩევნო კოლეგიის წევრების დასახელებასთან, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებასთან, არჩევნების შედეგების შეჯამებასთან, საქართველოს პარლამენტის არჩევნების დანიშვნასთან, პარტიული სიების საარჩევნო რეგისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის ხელახალ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები.
· მესამე მოსმენით იქნა განხილული და 95 ხმით მიღებული ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” ცვლილებების შეტანის შესახებ”, რომელიც არეგულირებს საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ორგანული კანონის პროექტში მოწესრიგებულია საპარლამენტო, საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით სათანადო პროცედურების ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომაზე მესამე მოსმენით იქნა განხილული „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონპროექტი ოცდაცხრა თანმდევ კანონპროექტთან ერთად.

კანონპროექტით იქმნება დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება. მის უფლებამოსილებაში შევა ამჟამად მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის უფლებამოსილებები – პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი, აგრეთვე, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი, ასევე, დამატებით, განახორციელებს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტური გამოძიებას. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 79 ხმით  მიიღო ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
კანონპროექტის საფუძველზე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” ორგანულ კანონთან გაერთიანდა „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ”, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა შრომის ანაზღაურების შესახებ” და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” საქართველოს კანონები. შესაბამისად ჩამოყალიბდა ერთ ორგანულ კანონად და ამავდროულად, მოხდა საკონსტიტუციო სამართალწარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს კონსტიტუციის ახალი დებულებების ასახვა. მათ შორის:

• გაიზარდა პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის კვორუმი (აირჩეოდა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით, ხოლო წარმოდგენილი ცვლილებებით აირჩევა სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით);

• კონსტიტუციაში ჩაიწერა საერთო სასამართლოების უფლება, რომ შეეძლებათ წარდგინებით მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს;

• არჩევნების მომწესრიგებელ კანონმდებლობასთან მიმართებით დაკონკრეტდა სასამართლოს მიერ დავის განხილვის ვადები;

• გენერალური პროკურორის ინსტიტუტის დამატებით, გაიზარდა იმ საჯარო მოხელეთა წრე, ვისი ქმედების, მიმართაც იმპიჩმენტის პროცედურის მიმდინარეობისას, დასკვნას ამზადებს საკონსტიტუციო სასამართლო;

პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით იქნა განხილული და 79 ხმით მიღებული კანონპროექტი „დაგროვებითი პენსიის შესახებ”.

კანონპროექტი არეგულირებს დაგროვებით პენსიასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. აღნიშნული კანონი გავრცელდება ფიზიკურ პირზე, რომელიც დასაქმებულია სამოქალაქო და შრომის (საქართველოს ან უცხო ქვეყნის) კანონმდებლობებით დადგენილი წესით, ან საჯარო სამსახურის შესახებ კანონის შესაბამისად, აგრეთვე იმ პირებზე, რომლებიც არიან საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელი  ან მისი მოვალეობის შემსრულებელი, ან ასრულებენ ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში სამსახურთან. კანონპროექტი განმარტავს თვითდასაქმებულის ტერმინს. კანონპროექტით დგინდება საპენსიო შენატანების განხორციელების წესი და ოდენობა.

რიგგარეშე სესიის დახურვამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის წევრს, გიორგი წერეთელს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„მინდა ჩვენს კოლეგას, ბატონ  გიგი წერეთელს მივულოცო  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა. ეს არის არა მხოლოდ, პირადად, ბატონი გიგის წერეთლის აღიარება, არამედ ჩვენი ქვეყნის აღიარება და მინდა დიდი წარმატებები ვუსურვო ბატონ გიგის ამ საპატიო და მაღალ თანამდებობაზე”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რიგგარეშე სესიის დახურვისას, პლენარულ სხდომათა დარბაზში, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები