“გამოძიება გრძელდება და მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ”

გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება და მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვანზე საუბრისას განაცხადა.
„გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება და მოვლენების არც ერთი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას არ გამოვრიცხავ. ეს არაერთხელ ვთქვით და გუშინდელი დაკავება ამის დასტურია“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, იგეგმება თუ არა მ.კ.-ს დაკავება, მეზვრიშვილი პასუხობს, რომ კონკრეტულად ვერ იტყვის, გამოძიება რა მტკიცებულებების მოპოვებას შეძლებს.
„მტკიცებულებების შეგროვება გრძელდება. როგორც კი, საკმარისი სტანდარტი შეგვექმნა იმისა, რომ ბრალდებულის სტატუსით შესაბამისი პირი დაგვეკავებინა, ეს გავაკეთეთ. თუ საჭირო მტკიცებულებების შეგროვებას შევძლებთ და ამ მიმართულებით ძალისხმევას არ ვიშურებთ, რა თქმა უნდა, სხვა პირების დაკავება არ არის გამორიცხული. სხვა ბრალდებებით დაკავებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება, ბრალდების წარდგენას – სტანდარტი. როცა მტკიცებულებები შეიკრიბა და სტანდარტი შეიქმნა, დაკავება „სისხლის სამართლის კოდექსის” შესაბამისი მუხლით მოხდა”, – დასძინა შს მინისტრის მოადგილემ.
2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანმა დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები