ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მსოფლიო ბანკის მმართველობის გლობალური პრაქტიკის (The Governance Global Practice – GGP) უფროს დირექტორთან, დებორა ვეცელთან (Debora Wetzel) შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც ასევე, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონი დაესწრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები მიმოიხილეს.
საუბარი, ძირითადად, შეეხო საჯარო მმართველობის სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და ამ მიმართულებით, საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებს.
მხარეებმა კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვეს საქართველოს მიერ სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების (PEFA) 2017 წლის პოზიტიურ შეფასებას, რომელიც PEFA-ს სამდივნოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით დადასტურებულია მსოფლიო ბანკის მიერ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია სახელმწიფო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით.
ფინანსთა მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტური, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და მაღალი დემოკრატიული სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნას.
თავის მხრივ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა და გამოთქვეს მზაობა, გააგრძელონ პარტნიორობა იმ რეფორმების მხარდასაჭერად, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ფინანსების გამჭვირვალობასა და ფისკალური მდგრადობის უზრუნველყოფას ქვეყანაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები