საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე უკრაინის რესპუბლიკის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე იგა ზაალიშვილი უკრაინის რესპუბლიკის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, ნინა იუჟანინას შეხვდა.
შეხვედრის მიზანს უკრაინული მხარისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის სპეციფიკის და განხორციელებული რეფორმების გაცნობა წარმოადგენდა. სამსახურის უფროსის მოადგილემ, იგა ზაალიშვილმა უკრაინელ სტუმარს სამსახურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო და ბოლო პერიოდში სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც უკრაინის რესპუბლიკის უმაღლესი რადას საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, უკრაინაში ანტიკორუფციული და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით რეფორმები ხორციელდება და ამ კუთხით, საქართველოს გამოცდილების გაზიარება უკრაინული მხარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
შეხვედრის ფარგლებში საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა უკრაინელ სტუმრებს უწყების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლების, ორგანიზაციული სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების კუთხით ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
შეხვედრას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე და უკრაინის გადამხდელთა ასოციაციის პრეზიდენტი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები