დემურ გიორხელიძე: შემოსავლის 12 %-ით დაბეგვრა არსებობდა და უნდა დარჩენილიყო

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც 2500 ლარზე მაღალი შემოსავლის 30%-ით დაბეგვრას გულისხმობს.

როგორც გიორხელიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროპორციული გადასახადი უფრო სწორია, ვიდრე პროგრესული.

გიორხელიძე ამბობს, რომ შემოსავლის 20 %-ით დაბეგვრაც ძალიან მაღალია ისეთი დაბალშემოსავლიანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

„ე.წ. პროგრესული შკალა, ანუ რაც მეტი გაქვს შემოსავალი, მით მეტი განაკვეთით იბეგრები – ეს პოპულარულია მსოფლიოში. დაბალშემოსავლიან ადამიანებს ამით სოციალური სამართლიანობის დამყარების იმედი აქვთ. მაგრამ, საქმიანი ადამიანები ამას ცუდად უყურებენ, იმიტომ, რომ თუ მაქვს ოფიციალური შემოსავალი , შრომის შედეგია ეს ყველაფერი, მაშინ არ არის სწორი ის, რომ მეტი ვიხადო. როცა ჩვენ ე.წ. პროპორციულ გადასახადს ვაწესებთ, როგორც არის ყველა შემოსავალზე 20 %, ამით ვამბობთ იმას, რომ ყველა ადამიანი თანაბარ წილს იხდის სახელმწიფოს შენახვაში.

სიმართლე გითხრათ 20 % ძალიან მაღალია ისეთი დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა. იყო კარგი განაკვეთი 12 %. შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლობირებული, საკუთარი ფირმების გამო გააუქმეს იურიდიული პირების გადასახადი, რომელიც სოციალური გადასახადით იწოდებოდა, ფიზიკურ პირებს 12 % 25 %-მდე აუწიეს, შემდეგ ცოტა ვითომ ინამუსეს და 20 %-მდე ჩამოიყვანეს. 12 % იყო და უნდა დარჩენილიყო, ეს იქნებოდა ყველაზე სწორი, თანაბარი პროცენტი. ეს აჩეხილი პროცენტები მაინცდამაინც სწორი არ არის.
არ ვფიქრობ, რომ 20 %-ის დატოვება და 30 %-ის შემოღება მაღალშემოსავლიანებზე სწორი იყოს“-განაცხადა გიორხელიძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ჟორჟოლიანმა საკუთარ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც 2500 ლარზე მაღალი შემოსავლის 30%-ით დაბეგვრას გულისხმობს, „კვირას“ პრესკლუბში გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტებები გააკეთა.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, 30%-ით მხოლოდ 2500 ლარს ზემოთ თანხა უნდა დაიბეგოს, 2500 კი ძველებურად 20 %-ით.
მისი თქმით, ასეთი სისტემა დამკვიდრებულია ყველა განვითრებულ ევროპულ ქვეყანაში. როგორც დეპუტატი აცხადებს, აღნიშნული სისტემა საჭიროა იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც ქვეყანას და ადამიანებს გააჩნია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები