„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე ფონდის სტრატეგიისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია მოაწყო

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ თბილისში გამართულ საქართველო-იტალიის საერთაშორისო ბიზნეს-ფორუზე ფონდის სტრატეგიისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია გამართა და ფორუმის მონაწილეებს ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

“საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, ნათია თურნავამ საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, საინვესტიციო პოტენციალისა და საერთაშორისო რეგიონული ვაჭრობის განვითარების შესახებ ისაუბრა და ყურადღება „საპარტნიორო ფონდის“ ჩართულობით, ქართულ-იტალიური ერთობლივი ბიზნეს პროექტების განხორციელების პერსპექტივებსა და მსგავსი ფორუმების სახით, სადისკუსიო პლატფორმების დამკვიდრების აუცილებლობაზეც გაამახვილა.

ცნობისათვის, საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმზე 23 იტალიური, 120-ზე მეტი ქართული კომპანია და საერთაშორისო ორგანიზაციები იყვნენ წარმოდგენილნი. ბიზნეს-ფორუმი საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ მიმართეს. ფორუმზე სიტყვით ორი ქვეყნის ეკონომიკური პროფილის სამინისტროების ხელმძღვანელი პირებიც წარსდგნენ.

ფორუმი ორი ქვეყნის მთავრობის ერთობლივი ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიება იტალიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას.

ფორუმის მიზანია შეიქმნას პლატფორმა, სადაც იტალიური და ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს განიხილავენ. ფორუმზე ყურადღება გამახვილდა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სასოფლო-სამეურნეო წარმოება, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი. სამუშაო სესიების შემდეგ ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის შეხვედრები გაიმართა.

​საქართველო-იტალიის საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმის ფორმატის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა შედგა „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლებსა და იტალიის სახელმწიფო ექსპორტის საკრედიტო სააგენტო „საჩე“ (SACE) ჯგუფის პრეზიდენტს ალესანდრო დეჩიოს შორის. შეხვედრაში მონაწილეობა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნათია თურნავამ, ფინანსური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ციმაკურიძემ, საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნინო ჩოლოყაშვილმა და რისკების მართვისა და ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა, კონსტანტინე ჭანტურიამ მიიღეს.

„საპარტნიორო ფონდის“ პარტნიორი იტალიური კომპანია „საჩე“(SACE) მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერი ფინანსური მომსახურების სააგენტოა, რომელიც საერთაშორისო ბაზარს ფართო ფინანსური პროდუქტების სპექტრს სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები