რა გეგმა აქვს მთავრობას თბილისში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად

რა გეგმა აქვს მთავრობას დედაქალაქში ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, 2017 წელს გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომელმაც შეიმუშავა სახელმწიფო პროგრამა თბილისში ჰაერის დაბინძურების ხარისხის შემცირების შესახებ.
როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, მთავრობამ დაამტკიცა ეს სახელმწიფო პროგრამა , როგორც სავალდებულო სამოქმედო გეგმა.

„დღეს დედაქალაქს აქვს ძალიან კონკრეტული 40-პუნქტიანი პროგრამა. 40 ღონისძიებაა გეგმით გაწერილი, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემცირდეს უარყოფითი ზეგავლენა ატმოსფერულ ჰაერზე ძირითადი წყაროებიდან, ეს არის ტრანსპორტის და სამშენებლო სექტორი, ასევე ღია გრუნტი.

პროგრამა უმთავრესად სატრანსპორტო სექტორს ეხება და მოითხოვს ავტოპარკის ეტაპობრივ გაახალგაზრდავებას, მისი ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, უფრო სუფთა საწვავის უზრუნველყოფას ქვეყანაში, განსაკუთრებით დიზელზეა საუბარი. როგორც აღვნიშნეთ, ბენზინმა უკვე ევრო 5-ის ნორმას მიაღწია.

გარდა ამისა, პროგრამაში საუბარია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. საუბარია, უფრო სუფთა ტექნოლოგიების და უფრო სუფთა ავტომობილების წახალისებაზე, მათ შორის ელექტრომობილების. პროგრამაში საუბარია ფეხით და ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ცალკე გამოყოფილია სამშენებლო სექტორი, რომ უნდა გამკაცრდეს ზედამხედველობა.
ცალკე ქვეთავად არის გამოყოფილი მწვანე საფარის განვითარება. პროგრამაში ასევე საუბარია მონიტორინგის ქსელის გაფართოებასა და გაუმჯობესებაზე, მოსახლეობის ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებაზე.
ეს არის 2017- 2020 წლებზე გაწერილი პროგრამა, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება“- განაცხადა მეგრელიშვილმა.
როგორია მონიტორინგის სისტემა საქართველოში ჰაერის ხარისხის შესასწავლად? როგორია მონიტორინგის შედეგები: რამდენადაა დაბინძურებული ჰაერი ჩვენს ქვეყანაში? – ნოე მეგრელიშვილმა პრესკონფერენციაზე ამ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში ჰაერის მთავარი დამბინძურებელია აზოტის დიოქსიდი და მყარი ნაწილაკები, ანუ მტვერი.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები