ბახტაძე გოცირიძეს: ჭარბვალიანობა 2007 წელს საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარის გაუქმებამ გამოიწვია

პ​რემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის კითხვას ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით, დეჟავიუ უწოდა. როგორც მან აღნიშნა, ამ კითხვაზე მან რამდენიმე კვირის წინ, უკვე უპასუხა და განმარტა, რომ აღნიშნული პრობლემა კომპლექსურია.
„პირველად ჭარბვალიანობის პრობლემა დაიწყო თქვენი გადაწყვეტილებით, რომელიც გიჩვენეთ და მოგაწოდეთ – 2007 წელს სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, რის შედეგადაც, თქვენ საპროცენტო განაკვეთის ზღვარი გააუქმეთ. ამან გამოიწვია ის, რაც გამოიწვია. ჩვენ მივიღეთ უკონტროლო გარემო 100, 200 და 300%-იანი სესხებით. იმ 630 ათას ადამიანში თქვენ თვითონ ნახეთ, რამდენია ისეთი, ვინც დაზარალდა ამ რეგულაციის გამო. რა თქმა უნდა, იყო სხვა მიზეზებიც და ჩვენ ეს უნდა გაგვეკეთებინა ადრე. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მათ შორის, არსებობდა გარკვეული სუბიექტური მიზეზებიც, რომელიც უკავშირდება იმას, რომ ეროვნულ ბანკში ხელმძღვანელობის შეცვლამდე, ეს გაჭირდა, მაგრამ რა თქმა უნდა, “ქართული ოცნების” მთავრობას მართებდა ამ პრობლემის გადაჭრა გაცილებით ადრე, მაგრამ ეს გავაკეთეთ და ჭარბვალიანობის სისტემური რისკი საქართველოში მოიხსნება, ის ეტაპობრივად შემცირდება და საბოლოო ჯამში, აღარ იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მთავარი სისტემური რისკი და ეს არ გახლავთ მხოლოდ ჩემი შეფასება“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები