ივანე მაჭავარიანი: საქართველოში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება

“ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო არ შეიცვლება და საქართველოში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, არ უნდა შეიქმნას იმის განწყობა, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა სხვა რაღაცის ხარჯზე დაინგრევა.

„არ უნდა შეიქმნას მცდარი განწყობა, რომ ჩვენ დავანგრევთ იმ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, რომელიც სიმწრითაა მოპოვებული, ან ვალის ზრდის ან გადასახდების ზრდის ხარჯზე, ან მიმდინარე დეფიციტის ხარჯზე. ეს არ მოხდება, როგორც მინიმუმ, სანამ მე ვიქნები მინისტრი და დარწმუნებული ვარ, მთელი გუნდიც იგივეა აზრზეა. შესაბამისად, ეს საფრთხე არ გვემუქრება”, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე განცხადებით, დღეს საქართველოს საგადასახადო სისტემა ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული და ამას საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღიარებს.

„ჩვენი ბიუჯეტი არის ზრდაზე ორიენტირებული, სადაც დეფიციტი იმაზე ნაკლებია, რისი საშუალებაც იყო. საგარეო ვალი სტაბილურია და მომავალში გაზრდას არ ვაპირებთ. ეკონომიკურ ზრდაზე ორიენტირებული ფისკალური პოლიტიკა და მათ შორის საგადასახადო გარემო არ გაიცვლება არაფერში”, – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები