გიორგი ქობულია: ჩვენ გვინდა გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად შემოსავლები მოსახლეობას შორის თანაბრად გავანაწილოთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი ქობულიამ აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ეკონომიკის ზრდაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განმარტა, მხოლოდ ინვესტორების შემოსვლა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სიღარიბის დონეს ვერ შეამცირებს.

„თვითონ ეკონომიკის ზრდა არ არის ჩვენი თვითმიზანი. თვითმიზანია, რომ საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა ავამაღლოთ. ჩვენ თუ მივაღწევთ ეკონომიკის ზრდას მარტო იმითი, რომ ვთქვათ, შემოვიყვანთ დიდ ინვესტორს, რომელიც ააშენებს ძალიან დიდ ქარხანას და ამით გაიზრდება ეკონომიკა, მაგრამ ძირითადი მოსახლეობის კეთილდღეობა ხომ ამით არ გაიზრდება?! ის ხალხი, ვინც დღესდღეობით არის რეგიონებში, ისევ დაუსაქმებელი დარჩება და სიღარიბის დონე არ შემცირდება. ამიტომ ვიყენებთ ტერმინს ინკლუზიურობა – ჩვენ გვინდა გავზარდოთ ეკონომიკა და ერთდროულად შემოსავლები მოსახლეობას შორის თანაბრად გავანაწილოთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთი ადამიანი გამოიმუშავებს და მეორეს გაუნაწილებს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა დავასაქმოთ ბევრად მეტი ხალხი და თვითონ რომ გამოიმუშაოს ის სახსრები, რომლითაც იცხოვრებს“, – განაცხადა ქობულიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები