გოჩა ლორთქიფანიძე ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების მინისტრებს საქართველოს მიღწევებს აცნობს

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც სამართლის უზენაესობის ხელშეწყობასა და უსაფრთხოებისა და მართლმსაჯულების სფეროებში კორუფციის პრევენციის საკითხებს ეძღვნება.

ღონისძიება ავსტრიაში, ქალაქ ინსბრუკში, იმართება. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ ისაუბრა.

“გოჩა ლორთქიფანიძემ საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს ის შედეგები გააცნო, რომელთაც საქართველომ მიაღწია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების თანახმად. კერძოდ, როგორც მან აღნიშნა, „კორუფციის აღქმის ინდექსის“ 2017 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო 46-ე ადგილზეა 180 ქვეყანას შორის, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რამდენიმე წელია, სტაბილურად ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს; 2017-2018 წლების კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად კი, საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და 113 ქვეყანას შორის 38-ე ადგილს იკავებს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საქართველოში გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის შედეგები მიმოიხილა და ყურადღება გაამახვილა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ფარგლებში ქვეყნის წარმატებაზე, რის შედეგადაც საქართველო 2014 წელს − „OGP“ -ის მმართველი კომიტეტის წევრად, ხოლო 2016 წელს თანათავმჯდომარე სახელმწიფოდ აირჩიეს; 2017 წლის სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა და მომდევნო კვირას, 2018 წლის 17-19 ივლისს, „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მე-5 გლობალურ სამიტს უმასპინძლებს”,- აცხადებენ იუსტიციის სამინისტროში.

გოჩა ლორთქიფანიძემ ისაუბრა გასულ წელს ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრთა სამიტზე იუსტიციის მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივებზეც, რომელთა მიზანიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაა. ინიციატივები შეეხება, ერთი მხრივ, აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის რეგიონული ქსელის შექმნას სამოქალაქო და კომერციულ საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში, მეორე მხრივ კი, მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების თაობაზე გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობის მიზნით პარტნიორობის ქვეყნების მონაწილეობით ყოველწლიური კონფერენციების მოწყობას. ინიციატივები იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სახელით 2017 წელს ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების სამიტზე წარადგინა.

იუსტიციის მინისტრის წინადადებას ევროკავშირის სახელით დიმიტრის ავრამოპულოსი გამოეხმაურა. მან თეა წულუკიანს მადლობა გადაუხადა „შესანიშნავი ინიციატივისათვის“, წინადადებები კი, სამიტის შემაჯამებელ დოკუმენტში აისახა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები