არჩილ მესტვირიშვილი – ფიზიკური პირი თანაბრად დაცული უნდა იყოს ყველგან, სადაც სესხს აიღებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი მიიჩნევს, რომ ჭარბვალიანობა ამ ეტაპზე ფინანსური სტაბილურობის პრობლემას არ წარმოადგენს, თუმცა, მისივე განმარტებით, დაკრედიტების ზრდის მაღალი მაჩვენებელი არსებული მდგომარეობის პრობლემად გადაქცევის რისკს წარმოქმნიდა.
შესაბამისად, მესტვირიშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც არამხოლოდ პრევენციული ხასიათის იქნება, არამედ, რაღაც კუთხით, უკვე არსებულ პრობლემებსაც მოაგვარებს.

“ჩვენ ამ საკითხზე მუშაობა, მთავრობასთან ერთად, აქტიურად დავიწყეთ. ახლა პარლამენტში წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი ჭარბვალიანობისგან თავის არიდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. დღესდღეობით ონლაინსესხების და სწრაფი დაკრედიტების კუთხით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ასეთი ნაბიჯები გაგრძელდება, რათა საფინანსო სექტორის მომხმარებელთა უფლებები უკეთ დავიცვათ”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.

არჩილ მესტვირიშვილმა იმ ფიზიკურ პირებზეც ისაუბრა, რომლებიც ფინანსურ საქმიანობას ეწევიან და აღნიშნა, რომ ის, ვინც სესხს პროფესიულ დონეზე გასცემს, უნდა დრეგისტრირდეს ეროვნულ ბანკში, როგორც სესხის გამცემი ორგანიზიაცია. შესაბამისად, მან უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ის პირობები, რომლებიც ამჟამად ბანკებს, მიკროსაფინანსოებსა და სესხის გამცემ სხვა ორგანიზაციებს მოეთხოვებათ.

“ჩვენი მიზანია, ერთნაირად მივუდგეთ ყველა სესხის გამცემს, რათა ფიზიკური პირი თანაბრად დაცული იყოს ყველგან, სადაც სესხს აიღებს,”- განაცხადა მესტვირიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები