პროკურორი: მალხაზ კობაურს, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, ჰქონდა თოფი

ბრალდებულ მალხაზ კობაურს, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში ჰქონდა თოფი, – ამის შესახებ ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი შვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა მცხეთის საქალაქო სასამართლოს დარბაზში განაცხადა.

სასამართლო სხდომაზე, სადაც ბრალდებულის მალხაზ კობაურის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო, პროკურორმა საქმის მასალებიდან რამოდენიმე დეტალი გაახმაურა.
კერძოდ, როგორც პროკურორმა განაცხადა, ბრალდებულის მიმართ საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ფარული მიყურადება განხორციელდა.
მისი თქმით, საქმის მასალებში ერთ-ერთ მტკიცებულებად დევს მასალა, სადაც მალხაზ კობაური პოლიციის ერთ-ერთ თანამშრომელს მომხდარი მკვლელობის შესახებ ტელეფონით ესაუბრა, სადაც დეტალურად უამბობს მომხდარი დანაშაულის შესახებ.

„ბრალდებულების მიმართ განხორციელდა ფარული საგამოძიებო ღონისძიება, რა დროსაც ჩაწერილია და დაფიქსირებულია, თუ როგორ ესაუბრებოდა მომხდარის შესახებ მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს. მალხაზ კობაურმა ისაუბრა დეტალებზე, მათ შორის შეხვედრის დეტალებზე და შემდგომ დანაშაულის ჩადენის დეტალებზე. უშუალოდ თითოეული გასროლის შემდეგ თუ რა ხდებოდა”, – განაცხადა საქმის პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ხადას ხეობაში ამერიკელების მკვლელობაში ბრალდებულ მალხაზ კობაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მალხაზ კობაურისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ შსს-ის ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მალხაზ კობაურმა სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.
ადგილზე ჯერ ცოლ-ქმრის ცხედარი იპოვეს. მოგვიანებით კი მცირეწლოვანი ბავშვის ცხედარი ჩანჩქერის მახლობლად იქნა აღმოჩენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები