სეს-ი: რესტორნებში, ბარებში წინა წლებთან შედარებით, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა გაზრდილია

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი მიქაძის განცხადებით, ბიზნესოპერატორების გეგმური შემოწმებების შედეგად წინა წლებთან შედარებით, გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა გაზრდილია, – ამის შესახებ მიქაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, დარღვევებისა და სანქციების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია. კერძოდ, საჯარიმო სანქციები გაზრდილია 28 პროცენტით, 42%-ით – საწარმოო პროცესის შეჩერება, ასევე 26 %-ით – გეგმური ინსპექტირების რაოდენობა, დარღვევები, ძირითადად, შეეხება ეტიკეტირებას, ვადაგასული სურსათის რეალიზაციას, ასევე რეცხვა-დეზინფექცირებას, პერსონალის პირად ჰიგიენას.
გიორგი მიქაძის თქმით, სულ არასრული 6 თვის განმავლობაში სააგენტომ 247 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
მისივე განცხადებით, მათ გაწერილი აქვთ სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამა, ამასთან, სააგენტო არაგეგმურ შემოწმებებსაც ახორციელებს, რომელიც მოქალაქეების მიმართვიანობის საფუძველზე ხდება.
„ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით უფრო აქტიურდება ისეთი ბიზნესოპერატორების შემოწმება, როგორიცაა რესტორანი, სასადილო, კაფე, რომლებიც მრავალფეროვანი მენიუთი გამოირჩევიან და დიდი რაოდენობით მომხმარებლებს ემსახურებიან, მათ შორის, ტურისტებს. განსაკუთრებით გააქტიურებულია ამ მხრივ შემოწმებები აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, კახეთში“, – განაცხადა მიქაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები