სეს-ი საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე: დარღვევა ჯერჯერობით არ გვაქვს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მიქაძე ეკოტოქსიკოლოგის, ხათუნა ახალაიას იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, სეზონურ ხილში, კერძოდ, საზამთროსა და ნესვის შემადგენლობაში, დაშვებულ ნორმაზე 3-4 -ჯერ მეტი ნიტრატებია აღმოჩენილი.

როგორც მიქაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის არ იცნობს აღნიშნულ კვლევას და არ იცის, როგორაა ჩატარებული.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორაა კვლევა ჩატარებული – ჩატარდა ის აკრედიტებულ ლაბორატორიაში, თუ ნიტრატების შემცველობა ნიტრატმზომით გაიზომა?
მიქაძის განმარტებით, აკრედიტებულ ლაბორატორიებში ჩატარებული კვლევა ზუსტია, ხოლო თუ საზამთროში ნიტრატი აპარატითაა გაზომილი, აქ დიდი ცდომილება იქნება, დაახლოებით 30 %-მდე.

„ჩვენ ვატარებთ ტენდერებს, ტენდერების საფუძველზე ვირჩევთ აკრედიტებულ ლაბორატორიებს. რაც შეეხება საზამთროში, ნესსვსა, თუ ზოგადად, ხილში ნიტრატების შემცველობას – ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სახელმწიფო პროგრამა: წლის განმავლობაში 60-მდე ნიმუში უნდა ავიღოთ, 20-მდე ნიმუში უკვე აღებულია. დარღვევა ჯერჯერობით ნიტრატების ნაწილში არ გვაქვს. ჩვენ ნიმუშებს ვიკვლევთ აკრედიტებულ ლაბორატორიებში.

თუ ნიტრატი აპარატითაა გაზომილი, მაგალითად საზამთროში, მას დიდი ცდომილება აქვს.
თუ ნიტრატები გაზომილია ნიტრატმზომით, ამ შემთხვევაში გაზომვის მეთოდიკასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ,რომ ჩვენ რომ საზამთროს ქერქში ჩავარჭოთ ნიტრატმზომი , იქ მოგვცემს ნიტრატების უფრო დიდ რაოდენობას, ვიდრე გულში. საზამთროს ქერქს არავინ მიირთმევს.

ნიტრატი ძალიან არამდგრადი ფორმაა, რომც იყოს ჭარბი რაოდენობით ხილში, საზამთროში, ბოსტნეულში, შეგვიძლია, რამდენიმე დღე გავაჩეროთ ის და ნიტრატი დაიშლება“, – განაცხადა მიქაძემ.

ცნობისთვის, ეკოტოქსიკოლოგი ხათუნა ახალაია აცხადებს, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის თანახმად, სეზონურ ხილში, კერძოდ, საზამთროსა და ნესვის შემადგენლობაში, დაშვებულ ნორმაზე 3-4 -ჯერ მეტი ნიტრატები და ნიტრიტებია აღმოჩენილი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ არანაირი პროგრესი არ ხდება ფერმერულ მეურნეობაში, იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უნდა აწარმოონ ფერმერებმა ასეთი ტიპის პროდუქტები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები