ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

ხადას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის მ.კ-ს წარუდგინა ბრალდება.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში მდებარე ხადას ხეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მ.კ. შეხვდა ტურისტებს: რ.მ.-ს, მის მეუღლეს ლ.ჯ.-ს და მათ 4 წლის შვილს ქ.ი.-ს, რომლებმაც სთხოვეს ეჩვენებინა მათთვის ხეობაში მდებარე ჩანჩქერი, რაზეც მ.კ. დათანხმდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ერთ-ერთი ჩანჩქერის სიახლოვეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა მ.კ.-მ სანადირო თოფიდან, 4 წლის შვილისა და მეუღლის თანდასწრებით, ორჯერ გასროლით მოკლა რ.მ. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მ.კ.-მ ლ.ჯ.-ს და მისი მცირეწლოვანი შვილის – ქ.ი.-ს მკვლელობა გადაწყვიტა. თავის გადასარჩენად ლ.ჯ. ხევის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მ.კ.-მ, 4 წლის ქ.ი. ასევე თოფიდან გასროლით მოკლა, რ.მ.-ს გვამი და გასროლილი მასრები მდინარეში გადააგდო, ხოლო ქ.ი.-ს ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
მ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
ბრალდების მხარემ მ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მცხეთის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლმდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები