რომან კაკულია: აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას განსაკუთრებული დატვირთვა ექნება

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება როგორც პოლიტიკური,ისე ეკონომიკური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამის შესახებ კაკულიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც რომან კაკულიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია თურქეთიდან, ჩინეთიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან გაკეთებული ინვესტიცია, მაგრამ აშშ-დან გაკეთებული ინვესტიციას საქართველოში გაცილებით სხვა ხარისხის დატვირთვა გააჩნია იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც საბოლოოდ აინტერესებთ პასუხი – გრძელვადიანი სტაბილურობის შეგრძნება ამ ტერიტორიაზე, რომელიც თავის თავს სთავაზობს როგორც საბაზრო ურთიერთობების განვითარების კარგ მოდელად, შესაძლებელია, თუ არა. კაკულიას თქმით, ამის ყველაზე კარგი ინდიკატორი იქნება, თუ ჩვენ საქართველოში ამერიკულ ინვესტიციებს ვნახავთ.
„ჩვენ ძალიან ბევრ ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, მაგრამ, აშშ-სთან ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. საქართველო არის გარკვეულწილად დაპირისპირების ადგილი თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აშშ-ს, ნატოს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის. ეს დაპირისპირება არსებობს. ასეთ შემთხვევაში მესამე ქვეყნისათვის, რომელიც ამ ტერიტორიას უყურებს, დაპირისპირების მქონე ქვეყნებიდან, როდესაც ერთერთი იღებს ინვესტიციების გაკეთების ინიციატივას, ყველაზე კარგი სიგნალი ყველა მესამე ქვეყნისათვის, რომ ამ ინვესტიციებს მიჰყვეს, არის სწორედ ასეთი ქვეყნის ინიციატივა. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს უნარი, დომინანტი გახდეს ამ ტერიტორიაზე თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. სტრატეგიული პარტნიორობა ნიშნავს სწორედ იმასაც, რაც შედის აშშ-ს ინტერესებში, ხშირად ჩვენ ამაზე ძალიან ღიად არ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ მხოლოდ ჩვენს ინტერესზე აშშ-ს მიმართ.
რა თქმა უნდა,მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკური ნაწილიც, იმიტომ, რომ ჩვენ დანარჩენ მსოფლიოს შევთავაზოთ წვდომა ჩინეთის, ევროკავშირის, თურქეთის, უკვე სხვა ახალი ქვეყნების ბაზრებზე“, – განაცხადა კაკულიამ.
ცნობისთვის, 26 ივნისს, აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარედგინა. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები