ნათია მეზვრიშვილი ხადას ხეობის ტრაგედიაზე: განსხვავებული შედეგი თუ გამოიკვეთება ინფორმაციას მოგაწვდით

ვერსია, რომელიც გამოძიებამ დაადგინა, არის ის, რომ დაკავებულ პირს ედება ბრალად ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ხადას ხეობაში მკვლელობის საქმეზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით წარედგინება, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
„გამოძიების საწყის ეტაპზე ვიმყოფებით. ბრალდებულს ბრალი უნდა წარედგინოს დაკავებიდან არაუგვიანეს 48 საათის განმავლობაში. ამ ეტაპზე ის ვერსია, რომელიც გამოძიების მიერ არის დადგენილი არის ის, რომ გუშინ დაკავებულ პირს ბრალად ედება ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობა. თუმცა გამოძიება გრძელდება, კომპლექსური საქმეა, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები და განსხვავებული შედეგი თუ გამოიკვეთება, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები