გამოხატვა კალიგრაფიის საშუალებით – შოთა საგანელიძის გამოფენა გაიხსნება
12 ივლისს, 20:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, შოთა საგანელიძის გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, თანამედროვე მხატვარი-კალიგრაფისტი შოთა საგანელიძე იყენებს ქართულ ანბანს არა მარტო წერისთვის. მან შექმნა უნიკალური სტილი მსოფლიო კალიგრაფიაში: ხატავს მინიმალისტურ სახეებს ქართული ასოებით, სადაც თითოეული ასო წარმოადგენს სახის რომელიმე ნაწილს. იგი ექსპერიმენტირებს სხვადასხვა მასალით და ამ სახით გამოხატავს ემოციებსა და ხასიათს. ასეთი გზით შექმნა ცნობილი ქართველი ისტორიული მოღვაწეების პორტრეტები, მათ შორის მეფე თამარისა, ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველისა, მსახიობ სოფიკო ჭიაურელისა, მხატვარ დარეჟისორ სერგი ფარაჯანოვისა და მრავალი სხვა. შემდგომი ნაბიჯი იყო ინოვაციური ქართული ორნამენტების განვითარება, რომელიც გარდაისახება უნიკალური კალიგრაფიის ტექსტილის დიზაინში.
ქართული ანბანები წარმოადგენს დამწერლობის სამ სისტემას, რომლებიც ქართულ ენას ემსახურებოდა. ესენია: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.
უძველესი ქართული ანბანის სამ სახეობას არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა 2015 წელს და ჩაიწერა იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში 2016 წელს. ქართული კალიგრაფია წარმოდგენს ქართული ენის დამწერლობის ფორმას, მხატვრულ კალიგრაფიას, რომელიც იყენებს სამ ქართულ ანბანს.